რედაქტორისგან
საქინფორმი თხოვნით მიმართავს ორ ირაკლის - გამოაქვეყნონ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს იმ მოქმედი თანამშრომლების სია, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ მალევე სამსახურებრივი წახალისება მიიღეს

ori-mtსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. გასულ კვირას საქინფორმის რედაქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სხვა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ესენი იყვნენ მაღალი წოდების და საშუალო ასაკის ოფიცრები - სადღაც 45-დან 55 წლამდე, რომლებიც სხვადასხვა დროს დაუმსახურებლად დაითხოვეს არმიიდან და ორგანოებიდან, ანდა საკუთარი სურვილით წამოვიდნენ სააკაშვილის მმართველობის წლებში, როდესაც უმაღლესი ხელმძღვანელობის სულელური, ზოგჯერ კი დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება ვეღარ შეძლეს, უსამსახუროდ დარჩენის რისკის მიუხედავად (რაც მოხდა კიდეც - დღემდე ეს პროფესიონალები, რომლებსაც ბევრჯერ დაუღვრიათ სისხლი საქართველოსთვის, იძულებული არიან, შემთხვევითი სამუშაოთი დაკმაყოფილდნენ და კერძო ფირმების დაცვაში მიზერული ანაზღაურებისთვის იმსახურონ, რომ ოჯახები არჩინონ!).

საქინფორმის მთავარ რედაქტორთან მათი ხანგრძლივი საუბრის შინაარსის მოყოლას არ დავიწყებთ, მხოლოდ თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას:

ღრმად პატივცემულო ბატონებო ირაკლი და ირაკლი!

გთხოვთ გამოაქვეყნოთ ან საქინფორმის რედაქციაში გამოგზავნოთ თქვენდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების იმ მოქმედ თანამშრომელთა სია, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ მალევე:

- მიიღეს მადლობა და სიგელები უფროსობისგან - საქართველოს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან, მათ შორის - პირადად მაშინდელი მინისტრებისგან;

- მიიღეს ფულადი პრემიები და ხელფასზე დანამატი ბრძანების საუცხოოდ შესრულებისთვის (გთხოვთ მიუთითოთ პრემიებისა და დანამატების თანხა);

- მიიღეს ორდენები, მედლები და სხვა სახელმწიფო ჯილდოები უმწიკვლო სამსახურისთვის, მათ შორის - პრეზიდენტ სააკაშვილისგან;

- მიიღეს ბინები ურიგოდ;

- მიიღეს რიგგარეშე წოდებები;

- მიიღეს დაწინაურება - გადაყვანილ იქნენ უფრო მაღალ თანამდებობებზე;

- გაიგზავნენ სასწავლებლად სხვადასხვა აკადემიებში და კურსებზე აშშ-სა და ევროპაში, როგორც განსაკუთრებით პერსპექტიული თანამშრომლები, რომლებმაც სამსახურში თავი გამოიჩინეს.

გთხოვთ, აგრეთვე, მიუთითოთ - რომელ თანამდებობებზე და რა წოდებებით მსახურობენ ისინი დღეს თქვენდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში.

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

ori-1 ori-2
ori-3 ori-4