საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსისა და ეგვიპტის ახალი ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ კაიროში დამხობილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსის მომხრეებსა და პოლიციასა და ჯარისკაცებს შორის ბრძოლა გაჩაღდა, რომლის დროსაც დაიღუპა 7 და დაიჭრა 216 ადამიანი.
სამინისტროს ჯერ კიდევ არ განუმარტავს, იყო თუ არა ყველა დაღუპული და დაშავებული მომიტინგე, ანდა იყვნენ თუ არა არეულობების მსხვერპლთა შორის პოლიციელები და მურსის მოწინააღმდეგეები. ამის შესახებ "ბი ბი სი"-ს რუსული სამსახური იტყობინება.შეტაკებები კაიროს ცენტრში ორშაბათ საღამოს დაიწყო, მურსის მომხრეებმა ნილოსზე ხიდი გადაკეტეს. პოლიციამ კი ძალის გამოყენებით გაწმინდა ხიდი და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია მომიტინგეები, რომლებმაც პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
ცენტრში შეჯახებამდე სამხედროების მიერ დამხობილი პრეზიდენტ მურსის მომხრეები რაბაა ალ-ადავიას მეჩეთთან და კაიროს უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"სისი - გაეთრიე!" - სკანდირებდნენ მურსის მხარდამჭერები (გენერალი აბდელ ფათაჰ ალ სისი პრეზიდენტის ჩამოგდებას ხელმძღვანელობდა).
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმა ორშაბათს, 15 ივლისს, კაიროში მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის ახალ სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან, რომელიც ხელისუფლების სათავეში დროებით პრეზიდენტ ადლი მანსურსა და პრემიერ-მინისტრ ჰაზემ ბებლავისთან, ასევე თავად გენერალ ალ-სისისთან ერთად, სამხედროებმა მოიყვანეს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს უილიამ ბერნსმა "რევოლუციის მიზნების მისაღწევად მეორე შანსი" უწოდა, რაშიც იგულისხმა რევოლუცია, რომლის შედეგად 2011 წელს 30-წლიანი მმართველოს შემდეგ ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი დაემხო. ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ მოუწოდა ეგვიპტელ სამხედროებს, პოლიტიკური მოტივით არავინ დააკავონ. ბერნსი ირწმუნება, რომ ვაშინგტონი უწინდებურად უჭერს მხარს "სტაბილურ, დემოკრატიულ, ტოლერანტულ ეგვიპტეს," თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ არ ცდილობს „ნოტაციების კითხვასა“ და ეგვიპტისთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევას.