საზოგადოება
საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. რუსმა სამხედროებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 დაკავებული - ახალუბნის, ხოლო 2 სოფელ ხვითის მცხოვრებია. ისინი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში არიან მოთავსებული.სოფელ დიცთან კი მავთულხლართების გავლების სამუშაოები უკვე 1 კვირაა განახლდა. ადგილზე რუსი ჯარისკაცების 2 ბრიგადა მუშაობს. ტერიტორიაზე ვითარების შესასწავლად დღეს შიდა ქართლის გუბერნატორიც იმყოფებოდა, ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალების ჩატარების ნაცვლად, სტუმრებს არსებული მძიმე ვითარება უნდა გააცნონ.
„სანამ ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას, ფაქტია, რომ რუსები აგრძელებენ თავის საქმიანობას, ავლებენ მავთულხლართებს და იმის მაგივრად, რომ ჩვენ კრემლში ვიცეკვოთ და სუფრა ვუშალოთ რუსულ ოფიციალურ დელეგაციებს, ვურჩევდი ყველას, ჩამოსულიყვნენ აქ და ენახათ ის მავთულხლართები, რომლებსაც რუსები ავლებენ საქართველოს გულში - შიდა ქართლში“, - განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა.