ამბობენ, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, რომელსაც გიტარისტ-მინისტრს უწოდებენ და რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არსებობს ცუდი და უარესი, მთელი დღეები კაბინეტში ჩაკეტილი გიტარას აჟღარუნებს და მისსავე შექმნილ ქართული პოლიციის ჰიმნს გაჰყვირის, სადაც ასეთი სიტყვებია: “ჩვენი ძალა ახალ გამჭვირვალე შენობაშია!”
თუმცა ჩვენს ხელისუფლებას მიღწეული “გამჭვირვალობა” აშკარად არ ეყო და მან 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დებულებებისა და ასევე, ვენეციის კომისიის 2010 წლის 18 ოქტომბრის დასკვნის დემონსტრატიულად უგულებელყოფით, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაცნობიერებულად და სასწრაფოდ განახორციელა რიგი ქმედებები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არ შეესატყვისება დემოკრატიული სახლემწიფოს იმიჯს, კერძოდ კი:
2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმადაც, ადვოკატს უფლება არ აქვს, შეიტანოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, დაზარალებული არ წარმოადგენს მხარეს და უფლება არ აქვს, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები, გაუქმდა ალტერნატიული ექსპერტიზა და გაფართოვდა პროკურორის უფლებამოსილებანი;
2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ამიერიდან სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებას მიიღებს 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც “ელექტრონული სისტემის ერთიანი საარჩევნო სიიდან” შეირჩევიან (ანუ ამიერიდან საქართველოში მართლმსაჯულებას აღასრულებენ შემთხვევითი ადამიანები, რომლებსაც ... კომპიუტერი შეარჩევს, ხოლო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმისა და პროფესიით მუშაობის გაგრძელებისთვის (მასწავლებლად, ექიმად, მშენებლად და ა.შ.) 1500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული! თუმცა, რაკი ეს მექანიზმი საზოგადოებრივ კონტროლს არ ექვემდებარება, ნაფიც მსაჯულებს, სავარაუდოდ, ინკოგნიტოდ შეარჩევს “ნაცმოძრაობის” “კომპიუტერი”);
2010 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს, საგანგაშო რეჟიმში პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს ახალი კონსტიტუცია, ისე, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც მან 15-დან 16 ოქტომბრის ღამეს მიიღო, ხოლო კომისიის ვებგვერდზე მხოლოდ 2010 წლის 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი მოდელისადმი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია-პრეტენზიები, რომლებიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ვოტუმის პროცესის გამარტივებას, პარლამენტის უფლებამოსილებათა გაზრდას ეხებოდა (როგორც საბიუჯეტო, ისე მთლიანად ხელისუფლების სამ შტოს შორის ბალანსის საკითხებში) მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ მეორე მოსმენისას შეგნებულად და დემონსტრატიულად ურყო;
2010 წლის 16 ოქტომბერს, პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ “მართლაც სურდა უფრო სრულყოფილი კონსტიტუციის ხილვა მანამდე, სანამ ის 2013 წელს ძალაში შევიდოდა... კონსტიტუცია სერიოზული საკითხია და ყოველდღე არ უნდა შეიცვალოს... შეჩერებისა და საპირწონეების სისტემა სრულყოფილი უნდა იყოს...” რის შემდეგაც ჩვენმა პარლამენტმა კონსტიტუციის პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გაგზავნამდე მისთვის პროცედურით გამოყოფილი ერთი კვირა გამოიყენა და საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას, ავთანდილ დემეტრაშვილის თავმჯდომარეობით, დაავალა... პარლამენტის მიერ უკვე მიღებული სახელმწიფოს ძირითადი კანონის საბოლოო დამუშავება! შედეგად, რაკი რეგლამენტით მეოთხე მოსმენა გათვალისწინებული არ არის, პრეზიდენტს 2010 წლის 22 ოქტომბერს ხელმოსაწერად გაუგზავნეს კონსტიტუციის სახეცვლილი რედაქცია, რომელიც საქართველოს პარლამენტს არ მიუღია და რომელიც, დემეტრაშვილისა და პირთა ვიწრო წრის გარდა, არავის უნახავს! (პარლამენტში ჩემს სატელეფონო ზარზე მიპასუხეს, რომ “მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანეს – შეასწორეს ორთოგრაფიული შეცდომები და წერტილ-მძიმეები”, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა: ესე იგი ჩვენი პარლამენტარები უწიგნურები არიან, არ ფლობენ სახელმწიფო ენის ორთოგრაფიასა და პუნქტუაციას?! “სიკვდილით დასჯა არ შეიძლება შეწყალება” - იციან კი ჩვენმა კანონმდებლებმა, რა როლის შესრულება შეუძლია ამ ფრაზაში ერთ მძიმეს?);
2020 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც “მედიის მფლობელთა საჯაროობა” მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ინფორმაცია მედიის მფლობელთა შესახებ ტრანსფარენტული უნდა იყოს. ასევე გამჭვირვალე უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, პირთა რომელი ჯგუფები დგანან საქართველოში მოქმედი ტელეარხების, გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოებისა და მედიის სხვა საშუალებათა უკან... “ჩვენ მეტი გამჭვირვალობის მიღწევა გვსურს, რათა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები, ადამიანები, რომელთა ვინაობა საზოგადობისათვის დაფარულია და წარმოდგენილი არ არის, როგორც მასმედიის მფლობელები, გამოაშკარავდნენ...” ამ საკითხზე ახალ კანონპროექტს მიმდინარე წლის 9 ნოემბრისთვის საპარლამენტო - იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის - კომიტეტები მოამზადებენ (ეტყობა, აქ საქმე გვაქვს ისედაც უკიდურესად მცირერიცხოვან ქართულ მედიასთან, რომელიც არსებული რეჟიმისადმი მწვავე კრიტიკული მიდგომით გამოირჩევა. სავარაუდოდ, მათ საქართველოში აკრძალულ ქართველებთან, ბიზნესმენებსა და ექს-ჩინოვნიკებთან, კავშირში დაადანაშაულებენ, რომლებიც დღეს იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციაში ან ევროპის ქვეყნებში იმყოფებოდნენ. გამორიცხული არაა, მათ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასუსტების მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურებთან ირიბ თანამშრომლობაშიც დასდონ ბრალი, რასაც შედეგად რედაქციებისა და სტუდიების დარბევა მოჰყვება);
2010 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “თავისუფლების ქარტია”, რომელიც ითვალისწინებს:
1) საქართველოში (ვეტერანებო, მოიხსენით ორდენები!) საბჭოთა (წითელი ვარსკვლავის, ნამგლისა და უროს) და ფაშისტური სიმბოლიკის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას;
2) შსს-ს მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პირებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან იმ ფულადი გადმორიცხვების კონტროლს, რომელთა მოცულობა 25 ათას ლარს აღემატება;
3) შსს-ს აღჭურვა დამატებითი ვიდეოსათვალთვალო კამერებით, რომლებიც გზებზე, აეროპორტებში, მეტროპოლიტენებში, სტრატეგიულ ხიდებზე, ელექტროსადგურებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (კულტურისა და დასვენების პარკებში, საკონცერტო დარბაზებში, რესტორნებში და ა. შ.) და სხვა ობიექტებზე, მათი ერთიანი სისტემისთვის მიერთებით. გარდა ამისა, კანონპროექტი შსს-ს უფლებამოსილებას ანიჭებს, გახსნასა და დაათვალიეროს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით შემოსული “საეჭვო” ტვირთები (კითხვაზე, დაგვიყენებენ თუ არა ვიდეოკამერებს საკუთარ საძინებლებში, პარლამენტში არ მიპასუხეს...);
4) ლუსტრაციას - მაღალ თანამდებობებზე პრეტენდენტები ვერ იქნებიან საბჭოთა ხანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ლიდერები, ცენტრალური კომიტეტის წევრები, საქალაქო და რაიონული კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარე. თუ ამ ადამიანებს უკვე უკავიათ პოსტები, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა დატოვონ თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური კომისია მათ ვინაობასა და მონაცემებს, რომლებიც კონფიდენციალურია, საჯაროს გახდის.
2010 წლის 29 ოქტომბერს პარლამენტმა, ასევე, შემოიღო დამატებითი ზომები საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შსს-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით: ა. წ. 1 დეკემბერს ძალაში შედის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება ავტომანქანებში და აიკრძალა საქარე მინის დამუქება (გვერდითი მინების დამუქება ნებადათულია მხოლოდ 40%-ით). კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა.
(“საჯაროობა და გამჭვირვალობა”, ბატონებო! გარდა იმისა, რომ დღეს პოლიცია ვიდეოკამერების მეშვეობით ყოველ ჩვენს გადაადგილებას აკონტროლებს, ამიერიდან პატრულიც უბოდიშოდ შემოიხედავს ჩვენი ავტომანქანების სალონებში ვითომდა იმისათვის, რომ შეამოწმოს “ღვედებითდაბმულობა”, გვითვალთვალოს და გაგვაჩეროს, როგორც უწინ “გაი“ და “უგროზისკი” აკეთებდნენ ამას და მცირეოდენი “ეჭვის” შემთხვევაში პირადი ჩხრეკა ჩაგვიტაროს (“გაგვშმონოს”), რის სრულ უფლებასაც “პოლიციის კანონში” ახალი ცვლილებები ანიჭებთ!);
2010 წლის 29 ოქტომბერს სააგენტო “ღეუტერს”- მა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 კაცის დაკავების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდნენ. საქართველოს შსს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის - შოთა უტიაშვილის განცხადებით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაციის დეტალები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჰიპოთეზა: ერთი კვირის განმავლობაში 20 ეჭვმიტანილი “გამოძიებასთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის სურვილს” გამოთქვამს და დაასახელებს მთელ “ჯაშუშურ ქსელს”, რომელსაც მიათვლიან ყველას, ვინც ამ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის!
ისმის კითხვა: ასე ერთმნიშვნელოვნად მაინც რატომ ემზადება რეპრესიებისთვის სააკაშვილი, რომელმაც წინასწარ დაუდო მათ სარჩულად საკანონმდებლო ბაზა, ჩამოიგლიჯა დემოკრატის ნიღაბი და მიაფურთხა, თუ რას იფიქრებს მასზე დასავლეთი?
მიზეზი, რომელთა გამოც მიშამ მთელი ეს “ჰელოუინი” მოაწყო, რამდენიმეა:
1) მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 26 ოქტომბერს საფრანგეთის ტელეარხ “თV 5 Mონდე“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საქართველო მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე”, რუსეთმა მას კვლავ უარი უთხრა დიალოგზე და ახლა მისთვის ერთადერთი გამოსავალი პრემიერის სავარძელში გადანაცვლებაა, თანაც – რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და 2013 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების შედეგად;
2) სააკაშვილი პრევენციულ ზომებს იღებს არასაპარლამენტო (“ქუჩის”) ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც ნელ-ნელა ერთიანდება და მიმდინარე წლის 25 ნოემბრისთვის ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებით იმუქრება, ასევე - უკმაყოფილო და მშიერი ხალხის წინააღმდეგ, რათა წინასწარ დათესოს მათში შიში და დააშინოს ციხით სამშობლოს ღალატისა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. მიხეილ ნიკოლოზის ძე გამოცდილი რევოლუციური ტექნოლოგია, ამიტომაც ჩინებულად ესმის, რომ 10.000 ნამდვილ მომიტინგეს (და არა 10 ლარად მოსყიდულს, ვერაგი და ლაჩარი ლიდერების მეთაურობით!) უნარი შესწევს, ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს! ქართული პოლიცია და არმია ტყვიებს არ დაუშენენ ამ რაოდენობის თანემემამულეს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს ალყას შემოარტყამენ, ხოლო, თუ ვინმე გაბედავს კიდეც, პირველივე გასროლისთანავე 10.000 ქართველი 100, 200, 300 ათასად გადაიქცევა! ათასგზის მართალია ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელმაც ყოველკვირეულ გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში (2010 წლის 4 ოქტომბრის #40) შემდეგი რამ განაცხადა: “მითი იმის შესახებ, რომ ეს ხელისუფლება სისხლის ღვრის გარეშე არ წავა, თავად ხელისუფლების მიერაა შეთხზული და გავრცელებული! თუ უკიდურესობამდე მისული ხალხი ქუჩებში გამოვა, ეს ხელისუფლება ისევე სწრაფად და უმტკივნეულოდ წავა, როგორც შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა!” (პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ამავე დროს ბრწყინვალე პრაქტიკოსი და ორგანიზატორი, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის რეალურ გამოცდილებას ფლობს და საქართველოში დიდი ავტორიტეტით სარაგებლობს, ჭაჭია მუდამ მზად იყო ყველა პატრიოტულ ქართულ ძალასთან სათანამშრომლოდ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასაც, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, ყოველთვის შეეძლო მისი გავლენისა და ბერკეტების გამოყენება რუსეთის ექსპერტებისა და ოფიციალურ წრეებში, რასაც რატომღაც არ აკეთებდა...);
3) სააკაშვილი გარდაუვალი რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, რისი პროვოცირებაც უამრავ მიზეზს შეუძლია:
ა) ეკონომიკურ კრიზისს: უმუშევრობა, ცხოვრების მკვერად გაძვირება და წვრილი და საშუალო ბიზნესის საყოველთაო რეკეტი, და როგორც შედეგი - სახალხო პროტესტის ტალღა (მიტინგები, გაფიცვები, სატრანსპორტო მაგისტრალებისა და სახელმწიფო დაწესებულებების დაბლოკვა);
ბ) სახალხო საპროტესტო აქციების ძალისმიერ დარბევას: შედეგად - განსჯას დაუქვემდებარებელი “თეთრი სახლის” ინსტრუქცია პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისა და რიგგარეშე არჩვენების ჩატარების შესახებ (როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგომ მოხდა);
გ) საქართველოს მიღმა შექმნილ ფორს-მაჟორულ გარემოებებს:
- ახალი ძალით გაღვივებულ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტს (როგორ მოიქცევა და ვის მხარეს დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება (აზერბაიჯანის პარტნიორი!) ამ შემთხვევაში? 2010 წლის 7 ნოემბერს ხომ აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგადაც მილი მეჯლისის სათავეში, შესაძლოა, ყარაბაღის პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის მომხრე ძალები მოვიდნენ, რისკენაც მათ “მსუბუქად” უბიძგებს ზოგიერთი, ბოლო დროს გაძლიერებული “რესპუბლიკური ძალა” ვაშინგტონიდან. ეყოფა კი საქართველოს ხელისუფლებას გონიერება, ქვეყანაში, სადაც 600.000-ზე მეტი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს, მშვიდობისმყოფლის როლს თუ არ იტვირთებს, სულ მცირე, ნეიტრალიტეტი მაინც შეინარჩუნოს და კიდევ ერთხელ არ წამოეგოს ოკეანისგაღმელი “კეთილისმსურველების” პროვოკაციას?!);
- ფართომასშტაბიან ანტიტერორისტულ ოპერაციას ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ყოველდღე ხდება ტერაქტები (რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კავკასიის რეგულარული სპეცდანაყოფები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვლენ იატაკქვეშა ჩეჩნური ბანდფორმირებების ბაზათა განადგურების მიზნით, რომელთა შესახებაც 2010 წლის 22 ოქტომბერს, უკვე მერამდენედ, დარწმუნებით განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა?!);
- ყაზბეგის რაიონში ლოკალურ სამხედრო კონფლიქტში გადაზრდილ სისხლისმღვრელ შეტაკებას (ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსეთის ახალგამომცხვარ მოქალაქეებს, თრუსოს ხეობაში ოდითგან მოსახლე ოსებს, შორის, პირველ თოვლთან ერთად საქართველოს საზღვარი უვიზოდ და კანონიერად რომ გადმოკვეთეს “ყაზბეგისა” და “ზემო ლარსის” საბაჟო-გამშვები პუნქტების მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე). შეტაკების მიზეზი?! თუნდაც საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი, 2008 წლის აგვისტოში ომის გამო რომ დატოვეს და სხვები რომ დაეპატრონნენ;
ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების არამართებულ მოქმედებათა შედეგად, ოფიციალური ვაშინგტონი პრეზიდენტ სააკაშვილს კვლავ “შესთავაზებს წინადადებას, რომელზეც იგი უარს ვერ იტყვის”.
P.შ. რიგგარშე არჩევნებისთვის ხელისუფლების მზადებაზე აშკარად მიუთითებს ამერიკელებისთვის შეკვეთილი ორი სოციოლოგიური გამოკითხვა: სოციოლოგიურ კვლევათა ამერიკული ინსტიტუტის - Greenberg Quilian Rosner-ისა (პრეზიდენტ სააკაშვილისა და საპრეზიდენტოდ მზადმყოფი თბილისის მერის - უგულავას შეკვეთით), რომლის შედეგებიც 2010 წლის 22 ოქტომბერს გვაცნობეს; და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) გელაპის ინსტიტუტთან ერთად, რომლის შედეგებიც 2010 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა (აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის დაკვეთით). დიახ, რასაკვირველია, ორივე “გამოკვლევის” შედეგებით, უზარმაზარი უპირატესობითა და ბრწყინვალე რეიტინგით პრეზიდენტმა სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ” გაიმარჯვეს!