საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. NDI-ს მიერ 2 ათას 338 რესპონდენტის პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოკითხვის შედეგად მიღებული პოლიტიკური რეიტინგების გუშინ გამოქვეყნების შემდეგ საქინფორმის მკითხველებმა, რომელთა რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება 2 ათას 338-ს დღეში, ჩვენი რედაქცია პოლიტიკური რეიტინგების საკუთარი ვერსიებით აავსეს, რომლებიც მართლაც რეალურად ასახავს საქართველოში დღეს არსებულ საზოგადოებრივ აზრს. მაშ ასე, საქინფორმი - NDI-ს წინააღმდეგ:
- ჩვენი მკითხველების აზრით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობის 95%-ს მოსწონს;- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობის 69%-ს მოსწონს (აქ NDI-ს რესპონდენტების და საქინფორმის მკითხველთა აზრი ერთმანეთს სრულად დაემთხვა);
- პრეზიდენტობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან“ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობის 2%-ს მოსწონს (პოპულარობით სარგებლობს ეროვნულ უმცირესობებს შორის, განსაკუთრებით - თბილისში);
- პრეზიდენტობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბაქრაძე საქართველოს მოსახლეობის 5%-ს მოსწონს;
- პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მოსახლეობის 24%-ს მოსწონს (ძირითადად - თბილისსა და ქუთაისში);
- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს მოსახლეობის 5%-ს მოსწონს;
- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობის 2%-ს მოსწონს, თბილისის მერი გიგი უგულავა - 3%-ს, ვანო მერაბიშვილი - 4%-ს, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია - 1%-ს;
- პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ს მოსწონს, დანარჩენებმა ნახევარი პროცენტიც ვერ დააგროვეს.