საზოგადოება
რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 250.000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

maia-rusikoსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ-პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულს 250-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო „დექსუსის“ 33 %-იანი წილის მფლობელი ივანე ცაგურია 100 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გირაოს გადასახდელად მათ 30-დღიანი ვადა მიეცათ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პროკურატურა რჩეულიშვილის და კერვალიშვილისთვის გირაოს სახით 1 მილიონი ლარის დაკისრებას, ხოლო ცაგურიასთვის პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს - მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თაღლითობისთვის და თანხის მითვისებისთვის მთავარმა პროკურატურამ ბრალი 11 ივლისს წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მაია რჩეულიშვილმა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან - 1 065 159 აშშ დოლარი, ხოლო რუსუდან კერვალიშვილმა 1 833 806 აშშ დოლარი და 185 069 გირვანქა სტერლინგი მიითვისა. მითითებული თანხის გარდა, მათ დამატებით, ერთობლივად 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი მიითვისეს. „ცენტრ პოინტი ჯფუფის“ დამფუძნებლებთან ერთად, თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ბრალი ედებოდა ივანე ცაგურიასაც, რომელიც 11 ივლისს წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს.