თენგიზ გუნავა: „ვერანაირი ზეწოლით ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე!“
საქართველო, 15 ივლისი,
საქინფორმი. სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა
თენგიზ გუნავამ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელსაც
საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. აღნიშნულ განცხადებაში მინდა მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც სჯერა ჩემი უდანაშაულობის და რაიმე ფორმით გამოხატა თანადგომა ჩემს მიმართ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩემთვის ქვეყანა ოჯახი და მეგობრები ის ღირებულებებია, რისთვისაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო ბერკეტი გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ, ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი და ბოლოს დამაბრალეს სახელმწიფო ქონების მითვისება, რათა ვეიძულებინე, შემეწყვიტა ბრძოლა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის. ასევე მოექცნენ ჩემს არაერთ მეგობარს და 2008 წლის გმირები ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და არაერთი სხვა სხედან განსასჯელის სკამზე. მინდა განვაცხადო რომ ვერანაირი რიგებით პროკურატურასთან და ვერანაირი ზეწოლით ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, ბრძოლა არის ბოლომდე, არცერთი ნაბიჯი უკან“, - ნათქვამია გზავნილში.