სამართალი
ვანიჩკა ციხის მაღაზიაში ლიმონათ “ნატახტარს“, ყავისფერ შაქარს, ჩიფსებს, სანთლებს და ნახშირს ყიდულობს...

samartali-3-vanichkaსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ყოვლისშემძლე შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხის თანამშრომლების მიმართ თავაზიანობით გამოირჩევა - აცნობეს გაზეთ “ყველა სიახლეს“ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან.

მერაბიშვილი, რომელსაც ხალხში “ალერსით“ ეძახიან “ვანეჩკას“, რეჟიმს და დღის წესრიგს იცავს, აგრესიას არ ამჟღავნებს. 00:00-ზე იძინებს. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მოსაწევად. პრობაციის სამინისტროში, აგრეთვე, აღნიშნეს, რომ დღის განმავლობაში ექსპრემიერ-მინისტრი ორჯერ ხვდება ადვოკატს, სარგებლობს სეირნობის უფლებით (ყოველდღე 1 საათი), სისტემატურად კითხულობს და ვარჯიშობს.

კვირაში ერთხელ ვანეჩკა ათ კოლოფ სიგარეტს “KENT“ №8 ყიდულობს. მისთვის განკუთვნილი მენიუდან ყველაფერს იღებს, რძის პროდუქტების და პურის გარდა. “დაწესებულების მაღაზიაში ყიდულობს პირველადი საჭიროების საგნებს, სიგარეტს, ძეხვს, თევზს, მინერალურ წყალს, “სანდორას“ წვენებს, ლიმონათ “ნატახტარს“, ყავას, ჩაის, ყველს, შოკოლადს, ბოსტნეულს, მშრალ ნამცხვარს, პურს, მაიონეზს, ჰერკულესს, ჩიფსებს, არაჟანს, ყავისფერ შაქარს, სანთლებს და ნახშირს“, - იუწყებიან პრობაციის სამინისტროდან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ა.წ. 21 მაისს დაკავებულ მერაბიშვილს ბრალი სამ ეპიზოდში აქვს წაყენებული: “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნა; სხვისი ქონების მითვისება და საქართველოს შსს-ს თანხების გაფლანგვა; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის აქციის დარბევის საქმეთან დაკავშირებით.