პუბლიკაციები
საქართველოში ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის უცხოეთში გასხვისების მაფია მოქმედებს, რომელსაც ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტიკოსებიც მფარველობდნენ?!

1-1saganZuri-mtსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სამუზეუმო ექსპონატების- ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმებიდან გატანის ჯერაც გამოუძიებელ  ფაქტებს ეროვნული ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნების გაქრობის ფაქტებიც ემატება. სააკაშვილის ბრძანებით, 1924 წელს დაარსებული წიგნის პალატა 2005 წელს გაუქმდა. წიგნის პალატის და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები ირმა დოლიძე და ქეთევან დევაძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან გაყიდული უნიკალური წიგნების პალატის ფონდით  ჩანაცვლების შესახებ საქინფორმის კორესპონდენტ ბაია ამაშუკელს ესაუბრნენ.

ირმა დოლიძე: - ბორის გაგუას წიგნადი ფონდის დოკუმენტაცია და ჩატარებული ინვენტარიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები მოვთხოვეთ. ასეთი ოფიციალური დოკუმენტი დირექციას არ მოეპოვება. 2007 წლიდან დღემდე ამ თემაზე ვდავობდით ბორის გაგუასთან. კეკელიძესაც იმავე მოთხოვნით მივმართეთ. ირკვევა, რომ არც მას გააჩნია იურიდიული დოკუმენტაცია საერთო ფონდში წიგნების რაოდენობის შესახებ. ვებ-გვერდის მონაცემებით კი 4 000 000 წიგნი უნდა იყოს. ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით, ეჭვი გვაქვს, რომ პროცესს ახლა პარლამენტიდანაც  მფარველობენ! კეკელიძე კი ბოკერიას, ბენდუქიძისა და ჩერგოლეიშვილის კანდიდატურაა. უკრაინის საზღვარზე აღმოჩენილ ქართულ  წიგნებს შორის სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის დამღიანი წიგნები არ აღმოაჩინეს?! ეს საკითხი პროკურატურამ ჩაფარცხა - გაგუას მეუღლის ჩეხეთში ელჩობის გამო. ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების ნუსხა მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზეც იდო...

ამას წლობით უცვლელი ის დირექცია აკეთებს, რომელიც ჯერ კიდევ კარტოზიას დროიდან მოდის. გენერალური დირექტორები იცვლებიან, დირექცია კი უცვლელი რჩება. გამოდის, პროცესს ვიღაც მფარველობს, ვიღაცა დაინტერესებულია ამით!

- არც ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვით და არც მუზეუმებიდან საგანძურის გატანის თემით ხელისუფლება არ ინტერესდება? საჯარო ბიბლიოთეკასთან  უშუალო კავშირში მყოფი პიროვნებები კი ხელისუფლების წევრები გახდნენ!

- წლების განმავლობაში საჯარო ბიბლიოთეკას რეალურად მართავდა ლევან თაქთაქიშვილი, რომელსაც წიგნიერების არაფერი ეტყობა - უბრალოდ, ბიბლიოთეკაში ჩანერგილი სუკის თანამშრომელია. ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე 2008 წლის მონაცემებით 4-მილიონიანი ფონდი ფიქსირდება. 2009 წლის მონაცემში მითითებულია ქართული, რუსული და უცხოური წიგნების ზუსტი რაოდენობა, რაც  2010 წლის მონაცემებში უკვე აღარ  არსებობს...

იურიდიული დოკუმენტაცია, თხოვნის მიუხედავად, გაგუამ არ მოგვაწოდა. მეორედ მოთხოვნის შემდეგ ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია ავარიულობის გამო I და II კორპუსის დახურვის თაობაზე.  2007-ში მოსულმა გაგუამ ივანიშვილის თანხებით ბიბლიოთეკის შენობის რესტავრაცია იმ კორპუსიდან  დაიწყო, რომელსაც ავარიული არაფერი სჭირდა. I-II კორპუსები მკითხველისთვის დაიკეტა. თანამშრომელთა ატესტაციაზე  დაუშვებლობის მიზანიც, რასაკვირველია,  ახლობლებისათვის შტატების გამოთავისუფლება იყო.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე კანონდარღვევები დღემდე არ შემწყდარა. წინა  პარლამენტმა ბორის გაგუას  6 მილიონამდე გაუზარდა ბიუჯეტი. 4 მილიონი მხოლოდ დირექციის ხელფასებზე გაიწერა. ყველაზე დიდ ხელფასებსა და 200-300%-იან პრემიებსაც  დირექცია იღებდა.

მე-3 კორპუსში ვენტილაციის გაუქმებით - „არ იყო საჭირო და მოვხსენითო!“- გაგუამ ევროსტანდარტების ყველა ნორმა დაარღვია! „ქართუ ბანკიდან“ რესტავრაციისთვის  თანხების გამოყოფის მიუხედავად, I და II  კორპუსები ისევ სარესტავრაციოა.  რუსულენოვანი წიგნები საცავიდან „დასათვლელად“ გავიდა. საცავიდან წიგნის გამოტანა და ასე დათვლა კი დაუშვებელია და რუსული გამოცემებიც გორად ყრია გაუქმებულ სამკითხველო დარბაზში!..

- წიგნების რაოდენობის დასადგენად რამე დოკუმენტაცია თუ არსებობს?

- არსებობს სპეციალური სისტემური და ანბანური კატალოგები და მკითხველის ბარათიც, რითაც შესაძლებელია გატანილი წიგნების დაფიქსირება. ამას აკეთებდა ლევან თაქთაქიშვილიც და, სამწუხაროდ, ხდებოდა ლევან  ბერძენიშვილის დროსაც - ამოღებული ბარათები ძირს ეყარა!

ეჭვი მაქვს - ისინი სანაგვეში გადაიყარა. არსებობს კონტროლური კატალოგიც, რომელსაც, ელექტრონული ბიბლიოთეკის არსებობის მიუხედავად, ხელი არ უნდა ახლო (თუ ჯერ კიდევ არსებობს და ლევან თაქთაქიშვილმა ისიც არ გაანადგურა)…   

- ფიქრობთ, გამიზნულად გააუქმდა წიგნის პალატა, რათა შემდგომ ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალური წიგნები სარფიანად გაეყიდათ? ხომ არ იკვეთება, რომ  ამაში ზოგიერთი მაშინდელი დირექტორისა  და ახლანდელი „გონიერი პოლიტიკოსის“ ინტერესიც შეიძლება იყოს?

- საფუძვლიანი ეჭვი  გვაქვს, რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან გაყიდული ძვირად ღირებული და უნიკალური წიგნები წიგნის პალატაში არსებული წიგნებით ჩანაცვლდა. არქივიდან მოძიებული ასლის მიხედვით, წიგნის პალატაში არსებობდა 1,5-მილიონიანი ფონდი. თუ, საიტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი 4 მილიონი იყო, ლოგიკურად წიგნების რაოდენობა მილიონნახევრით უნდა გაზრდილიყო, ანუ 4 000 000+1 500 000, ისევ  4 მილიონი როგორღა დარჩა?!

გაგუამ და თაქთაქიშვილმა ჟურნალისტს ოფიციალური საბუთის ნაცვლად ყოველგვარი იურიდიული ძალის არმქონე ცხრილი უჩვენეს. ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური საბუთის მიხედვით, 2004 წლის მონაცემებით, წიგნის პალატის საერთო ფონდი მილიონნახევარს შეადგენდა. არადა, ბატონმა გაგუამ და თაქთაქიშვილმა მოგვაწოდეს ოფიციალური რეკვიზიტების არმქონე ფარატინა ქაღალდი, სადაც ფონდი 202 205 ერთეულს შეადგენს!

მასალა, რასაც ჩვენ ვფლობთ - კრიმინალია! დირექცია კი, ეროვნული საგანძურისადმი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო, პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს. ეროვნულ ბიბლიოთეკას იმხელა დანაკლისი აქვს, რომ ვეჭვობ - ბიბლიოთეკის უნიკალური წიგნები უცხოელ კოლექციონერებზე ძვირად გაიყიდა...

ქეთავან დევაძე: - 1924 წელს დაარსებული წიგნის პალატა 2005-2006 წლებში  პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. ვერაფერმა გვიშველა - პალატაც გააუქმეს და ძვირად ღირებული წიგნების ფონდიც ორ საათში, ყველა წესის დარღვევით გადაიბარეს!..  თანამშრომლები დაგვითხოვეს. წიგნის პალატაში მოგროვილი ინფორმაცია შემდგომ იუნესკოს მიეწოდებოდა. პალატაში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემებიდან ერთი აფხაზურ ენაზეც კი იყო! მართლა უნიკალური და უძვირფასესი წიგნები იყო! „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებით პირადად თაქთაქიშვილი დაინტერესდა...

ირმა დოლიძე: - მაკულატურად ჩამოწერილი „პოლიტიკურად მოძველებული“ და „მკითხველისთვის  გამოუსადეგარი“ წიგნების სიებში უნიკალური, ფასდაუდებელი ლიტერატურაა შეტანილი. ეს არის ენციკლოპედიები, ლექსიკონები და სხვა გამოცემები. ასეთი წიგნები უცხოელ კოლექციონერებთან და ბუკინისტებთან შავი ბაზრიდან ხვდება ხოლმე და ხშირად ქვეყნიდან დიდ ფასად გადის. დირექციას ეს უნდა სცოდნოდა!

ერთ-ერთი ჟურნალისტის დახმარებით კონტროლის პალატიდან ძალიან სკანდალური დოკუმენტი - 1997 წლის შუალედური აქტი მოვიპოვეთ. მივმართეთ ახალ ხელისუფლებას - პარლამენტს, პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროსაც, მაგრამ წერილობით პასუხს ვერავისგან ვეღირსეთ... ფაქტია, რომ ჯერჯერობით საკითხის მფარველობა და დაკნინება ხდება.

მთავარი პროკურატურისგან ვითხოვთ, გვიპასუხოს - რაში გამოიხატება კონტროლი, რა ეტაპზეა საქმე? ანალოგიური წერილი პარლამენტშიც გავაგზავნეთ, რადგან უსუფაშვილი წარადგენს და ნიშნავს ბიბლიოთეკის გენერალურ დირქტორს. თუ უკითხავს კეკელიძისთვის - რამდენს და რას ფლობს? ბიბლიოთეკიდან  (დირექციიდან) პარლამენტში გაგზავნილი წლის პასუხი არ ვიცით. კეკელიძის  არგუმენტი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის პარლამენტის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში გადატანაა. თუმცა რა არის აღწერილი დოკუმენტურად, რა რაოდენობაა, ვინ აღწერა - არავინ იცის... დაუთვლელად, დირექციის გადაწყვეტილებით, თუნდაც ალტერნატიულ ფართში წიგნადი ფონდის გადატანაზე ნებართვის გაცემის უფლება პარლამენტს არა აქვს! ბატონმა კეკელიძემ „კაცების შოუში“ დააფიქსირა: „ლეგენდები დადის - ფონდი 19 000 000 იყო და ერთ თანამშრომელს ბრალდება ქურდობაო!“

ჩვენ მთელ დირექციას ვაკისრებთ პასუხიმგებლობას. თაქთაქიშვილი საცავებზე აგებდა პასუხს. ბიბლიოთეკაში არსებული „19 000 000-იანი ფონდის ლეგენდის ავტორი“ ლევან ბერძენიშვილია - გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტთანაც შევამოწმეთ - ცამეტი ცხრამეტად ხომ არ მოესმა?! ზუსტი ციფრია!  13 მილიონიც რომ იყოს, ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეს 4 მილიონი ერთეული რომ უდევს თავის ვებ-გვერდზე?!

ერთი ფაქტიც უნდა მოგიყვეთ. საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა დირექციას ორჯერ მივმართეთ საკონფერენციო დარბაზის დათმობის თაობაზე - ბიბლიოთეკის ქონებასა და წიგნადი ფონდების  საკითხებზე უნდა გვემსჯელა. უარი მივიღეთ - რა საჭიროა გახმაურებაო! მაშინ პრესით გავიგე, რომ შარშან ბიბლიოთეკის დირექციამ საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი ლგბტ საზოგადოებას დაუთმო თავის იურიდიულ უფლებებზე სამსჯელოდ...

ლგბტ პირებთან პირადული  არაფერი მაქვს, მაგრამ  თუ ეროვნული და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მოგვეთხოვება, საკონფერენციო დარბაზსაც ვუთმობთ - ევროკავშირი ზოგადად ყველა ადამიანის უფლებების დაცვასაც ხომ  ითხოვს?! არსად გაშუქებულა მათი შეკრება და დავინტერესდი - ესწრებოდნენ თუ არა პრესკონფერენციას  ჟურნალისტები, პრესა და  ტელევიზია?! კეკელიძემ - „ მე იქ არ ვიჯექი, მომიგონესო!“...  შეხვედრა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეკვეთილი, ბოდიშს ვიხდი, ფალოსის ფორმის ტორტით აღნიშნეს! (ეს გარეთ გამოსულმა მკითხველებმა და თანამშრომლებმაც დაინახეს - შევამოწმე).

ამგვარი შეხვედრების ჩასატარებლად გარემონტდა დარბაზი?! კამერებზე ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს. ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი არც გასართობი ცენტრია, არც „ბუდა-ბარი“ და არც „შანგრილა“, სადაც რამის  აღნიშვნას ვერავის აუკრძალავ! ეს დარბაზი სერიოზული, სამეცნიერო  კონფერენციებისთვისაა განკუთვნილი და არა ლგბტ სანახაობების მოსაწყობად, რომლებშიც, შესაძლოა, ასეთი ორგანიზაცია გარკვეულ თანხასაც უხდიდეს ბიბლიოთეკის დირექციას! ჩანს, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმართაც დაკნინების განსაკუთრებულ ფორმებს იყენებენ საქართველოში უცხოურ გრანტებზე მსხდომი ორგანიზაციები.

ხელისუფლების გვიკვირს - ამაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და ერისთვის სასიცოცხლო თემა რა უნდა იყოს?! მაინც გვინდა ვიფიქროთ, რომ იმდენი გამოსაძიებელი საქმეა, ხელისუფლებამ  ჯერ ამისთვის ვერ მოიცალა! არადა, დრო მიდის და უნიკალური საგანძური, ახლა უკვე  წიგნების სახითაც, შესაძლოა, ხელიდან გამოგვეცალოს!

1-saganzuri-1 1-saganZuri-2
1-saganZuri-3 1-saganZuri-4
1-saganZuri-5 1-saganZuri-6