საზოგადოება
დავით კირვალიძე: „არჩილ კბილაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ თხოვნით, რომ „ტრაქტორების საქმე“ სწრაფად და სამართლიანად იქნეს გამოძებული“

1-davit-kirvaliZeსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ, რომელმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა, შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიების დაჩქარების თხოვნით მიმართა.

კირვალიძემ ამ საკითხზე კომენტარი "ქორთიარდ მარიოტში" ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მიერ "ტრაქტორების საქმეზე" გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"მე მივმართავ თხოვნით გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად, სამართლებრივად და სამართლიანად  იქნეს გამოძიებული. რაც, პირველ რიგში, ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის და ღირსების საქმეა. ეს საქმე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული დროზე. 5 ადამიანი, პროფესორები და დოქტორები, წინასწარი პატიმრობის კუთხით იხდიან სასჯელს. ეს საქმე დროულად უნდა დასრულეს და ეს ადამიანები უნდა იყვნენ გათავისუფლებული, მე ამის მჯერა. მე მჯერა, რომ სამართალი მალე დადგება, ეს ადამიანები მალე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას", - განაცხადა კირვალიძემ.