სამართალი
საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სააკაშვილის რეჟიმი უნდა გამოცხადდეს ძალადობრივ, დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილზე აღიძრას საქმე და ის პოსტიდან ვადაზე ადრე გადააყენონ. „წამების ამსახველი კადრები, მოსმენისა და ფარული ჩანაწერების 13 000 ფაილი, ათასობით პატიმრის წამება პოლიციასა და ციხეში, პროკურატურის პოლიტიკური დავალებები და პოლიტიზებული სასამართლო სისტემა - აი, ესაა სისტემურ დანაშაულთა ფორმულა, სხვა რაღა მტკიცება გვინდა?.. იმის გამო, რაც ხდებოდა წარსულში, სააკაშვილის რეჟიმი უნდა გამოცხადდეს, როგორც ძალადობრივი, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანურობის წინააღმდეგ სჩადიოდა დანაშაულებს“, - განაცხადა ბესელიამ და იქვე დასძინა, რომ „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულება, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების კადრები მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით იქმნებოდა. არსებობს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ის პრეზიდენტის პოსტიდან ვადაზე ადრე გადააყენონ“.