სერგო რატიანი: „გიორგი ვაშაძის ბინა ჯოზეფ ქეის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს“
საქართველო, 12 ივლისი,
საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის
გიორგი ვაშაძის ბინა დაყადაღებულია - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა
სერგო რატიანმა გააკეთა. რატიანის თქმით, ვაშაძის ბინის დაყადაღების გადაწყვეტილება სასამართლომ
ჯოზეფ ქეის მოთხოვნის შესაბამისად მიიღო. როგორც რატიანი განმარტავს, ვაშაძის მიერ ქეის მიმართ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გამოყენებული გამოთქმის გამო ქეიმ დეპუტატს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. სერგო რატიანის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ოპოზიციის მიმართ დევნას ადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნოდ “დევნის შეწყვეტის“ შესახებ ისაუბრა.
„ეს არის სრული აბსურდის თეატრი. ოპოზიციის დევნა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის შემაშფოთებელი. ჯოზეფ ქეის მიმართ აზრი ჩამოყალიბებული აქვს ქართულ საზოგადოებასაც, ამაზე ბევრს წერდა ამერიკული პრესაც. როდესაც საჯარო პირი ხარ, შენ გმართებს მაღალი თმენა, მაგრამ ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა და შემდეგ ამაში ერთვება სასამართლო, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული. რა საჭიროა დაყადაღება, როდესაც ვაშაძე არსად არ გარბის და შესაძლებელია შედგეს სასამართლო და ასეთი მოქმედებები არის უკვე შემაშფოთებელი”, – განაცხადა სერგო რატიანმა.