სამართალი
შსს-მ არაეკონომიურად 1,660,800 ლარი გახარჯა
1-moneyსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2011 და 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი, რის შედეგადაც გამოვლინდა კანონდარღვევის ფაქტები. (საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იმ პერიოდში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო)
კერძოდ, 2011 წლის ნოემბერში შპს “ალგორითმისგან“ სამინისტრომ 2,775,000 ლარად შეიძინა 5,000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 2012 წლის იანვარში კი მისგანვე 1,100,000 ლარად  შეიძინა 2,000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი. შპს “ალგორითმმა“ შსს-ს აღნიშნული პროდუქცია 30%-იანი ფასნამატით მიჰყიდა, რამაც ჯამურად 749,000 ლარი შეადგინა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში შპს "საქართველოს ფოსტისგან შეისყიდა 981,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები. როგორც  წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, ფასნამატმა აღნიშნულ შესყიდვაზე  360,000 ლარი შეადგინა.
ამასთან,  2011 წლის სექტემბერში შპს "მეჯიქ კომპანისგან" შესყიდულია სიჩქარის მზომი რადარები 2,049,900 ლარად, სადაც შპს "მეჯიქ კომპანისთვის" ფასნამატის სახით გადახდილია 551,800 ლარი.
ამრიგად, აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით გაირკვა, რომ შსს-ს მიერ არაეკონომიურად გახარჯულია 1,660,800 ლარი. აუდიტის მასალები შემდგომი მოკვლევისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება.