უცხოეთი
ქიმიური იარაღი რეაქციაში არ შევიდა

1-xim-oruZieსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლება რფ-ის მიერ წარმოდგენილმა „მყარმა მტკიცებულებებმა“ ვერ დაარწმუნა, რომ სირიაში ქიმიურ იარაღს არა სამთავრობო ჯარები, არამედ მეამბოხეთა რაზმები იყენებდნენ. თეთრ სახლში მიანიშნეს, რომ სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მიზეზებს ვერ ხედავენ.

რუსი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები რფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ორგანიზაციის გენმდივან ბენ კი მუნს გადასცა. მოხსენების მთავარი დასკვნა ასეთია: გაზი ზარინის შემცველი ნაღმები ოპოზიციის რაზმებმა ალეპოს ერთ-ერთ გარეუბანში გამოიყენეს.

გაეროს წარმომადგენლის მარტინ ნესირიკის განცხადებით, რუსეთის მოხსენებას უახლოეს ხანებში განიარაღების სამმართველოს სპეციალისტები შეისწავლიან და ექსპერტთა დასკვნას ორგანიზაციის გენმდივანს გადასცემენ.

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივან ჯეი კარნის განცხადებით კი, რუსი ექსპერტების დასკვნები თეთრ სახლს, სავარაუდოდ, უარს ვერ ათქმევინებს სირიის ოპოზიციის იარაღით მომარაგებაზე. „რუსი სპეციალისტების დასკვნა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი სირიის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნა მან.