პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ერთგული ვართ კოჰაბიტაციის პროცესის“

1-ivan-fulleსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტის მოსამზადებლად.

მისივე განცხადებით, კოჰაბიტაციის პროცესი საქართველოში კარგად მიდის და ამას  ურეკში დავით ბაქრაძესთან შეხვედრაც ადასტურებს.

„იმართება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ბატონ ფულესთან ერთად მეც ვიღებ მონაწილეობას, და რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტის მოსამზადებლად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სამიტი იქნება წარმატებული. საქართველოს ხელისუფლება თავის უმთავრეს მიზნად ისახავს სასამართლოს თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, ყოველივე ამის უკან ადამიანის უფლებების დაცვაა, ჩვენ ერთგული ვართ კოჰაბიტაციის პროცესის, რასაც ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ურეკში გამართული შეხვედრა ბაქრაძესთან, რომელიც კონსტრუქციული იყო. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის არჩევნები კარგად ჩაივლის“, – განაცხადა ივანიშვილმა.