შტეფან ფულე: „ეჭვიც არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება“
საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდეს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩატარდა და მას ეჭვი არ ეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც გამჭვირვალედ ჩატარდება.
“ეს იყო პირველად საქართველოს ისტორიაში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიის ფარგლებში. ეჭვიც არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ზუსტად ასე ჩატარდება და საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა შტეფან ფულემ. ამასთან, ფულემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრემიერის მიმართვა “სწორ ფოკუსს ქმნის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის”.