სამართალი
კბილაშვილი: „ბედუკაძესთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში არც პრემიერ-მინისტრს და არც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ“

1-kbilaSსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების განხილვაში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა. თუმცა არ დაუზუსტებია, რა პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით და საუბრის სხვა მონაწილეების დასახელებისგანაც თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა არც პრემიერ-მინისტრს და არც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიუღიათ. "ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე მეკისრება მე", - აღნიშნა კბილაშვილმა. არჩილ კბილაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიდან გათავისუფლება ადეკვატური ქმედება იყო, რაც მას, როგორც მთავარ პროკურორს, უნდა გაეკეთებინა.

მთავარი პროკურორი მზად არის, პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. არჩილ კბილაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით ის ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში ჩააბაროს. საკანონმდელო ორგანოში მთავარი პროკურორის დაბარება საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გუშინ ბიუროს სხდომაზე მოითხოვეს.