სამართალი
„ცენტრ-პოინტისა“ და „დექსუსის“ დამფუძნებლებს ბრალი წაუყენეს

1-maia-rusikoსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. თბილისის პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" და "დექსუსის" დამფუძნებლებს, 50% წილის მფლობელებს რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და 33% წილის მფლობელ ივანე ცაგურიას თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

"ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 მილიონ 65 ათას 159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა - 1 833 806 აშშ დოლარი, ასევე, 185 069 გირვანქა სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი. ჯამში მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ სხვადასხვა გზით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი", - განაცხადეს თბილისის პროკურატურაში.

გამოძიების მოთხოვნით, დაყადაღებულია “ცენტრ პოინტი ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე, შპს "ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება.

თბილისის პროკურატურაში ბრალი უკვე გააცნეს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემა, რაც მენაშენეებს შეექმნა, აღმოიფხვრას.

მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა თბილისის პროკურატურა უკვე დატოვეს. ივანე ცაგურია დაკავებულია.