ნინო გიორგობიანი: “პროკურატურის საქმიანობაში შს მინისტრი არ და ვერ ჩაერევა“
საქართველო, 11 ივლისი,
საქინფორმი. პროკურატურის საქმიანობაში შინაგან საქმეთა მინისტრი არ და ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა
ნინო გიორგობიანმა მთავარი პროკურორის,
არჩილ კბილაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ უკვე მოუწოდა არჩილ კბილაშვილს, რომ მანაც გაიზიაროს პრემიერის პოზიცია. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხის განხილვაში მინისტრის მონაწილეობას, შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის მთავარი პროკურორის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ და მხოლოდ მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ზოგადად, პროკურატურის საქმიანობაში შინაგან საქმეთა მინისტრი არ და ვერ ჩაერევა", - აღნიშნა გიორგობიანმა. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.