პუბლიკაციები
გიგლა ბარამიძე: „მარგველაშვილი, როგორც ცალკე კანდიდატი, ქალბატონი ნინოს კონკურენტი ვერ იქნება. ხოლო თუკი განვიხილავთ მას, როგორც ბიძინა ივანიშვილის მეგობარს და გამარჯვებული გუნდის კანდიდატს, ეს სერიოზული ძალაა“

1-analit-gigla-mtსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე.

გიგლა ბარამიძე გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (უმაღლესი დიპლომატიური რანგი) - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი დამოუკიდებელ სომხეთში, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში. ის არის პოლიტიკური დევნილი (ოფიციალური სტატუსით), მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბატონი გიგლა რამდენიმეწლიანი დევნილობის შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა და  ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ პოლიტიკური მოღვაწეობის გასაგრძელებლად ნინო ბურჯანაძის გუნდი აირჩია.  

- ბატონო გიგლა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში დაბრუნდით და ჩვენი პირველი ინტერვიუ შედგა, ჩემს შეკითხვაზე, აპირებდით თუ არა ქართულ პოლიტიკაში ჩართვას, მიპასუხეთ, რომ პოლიტიკურ სპექტრს აკვირდებოდით და მიიღებდით გადაწყვეტილებას. დღეს თქვენ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის ქ-ნი ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს ხელმღვანელობთ. რამ განაპირობა ეს არჩევანი, რატომ შეარჩიეთ ქალბატონი ნინოს გუნდი და არა, მაგალითად, კოალიცია „ქართული ოცნება“?

- ადამიანის თვისებათაგან განსაკუთრებით ვაფასებ მადლიერების გრძნობას და მთელი ჩემი ცხოვრება პირადად ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვიქნები, რადგან მან ხელისუფლების შეცვლა მოახერხა, რის შედეგადაც მე და უამრავი წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანი სამშობლოში დავბრუნდით. თუმცა, ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკური ნიშნით დევნილმა და პოლიტპატიმარმა ბიძინა ივანიშვილის გუნდში უნდა მოიყაროს თავი. ცხოვრება გრძელდება, ყველას თავისი გზა და ვალდებულება აქვს.

როდესაც საქართველოში დავბრუნდი და ვნახე, რომ ეს „შავი ჭირი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ისევ მოქმედებს, მივხვდი, რომ ჯერ კიდევ არ დამდგარა ის დრო, როდესაც პოლიტიკიდან შორს უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, დიდი გამოცდილება მაქვს ამ საკითხში და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. რატომ უნდა მიაჩნდეთ ევროპელებს და ამერიკელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ძალად?!

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - როდესაც დევნილობაში ვიმყოფებოდი, აქტიური კონტაქტი მქონდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან და მის გუნდთან. ვთვლი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისათვის, აუცილებელია, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იყოს არა საპარლამენტო უმრავლესობის ან უმცირესობის, არამედ სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. წარმოიდგინეთ, რა კარგი ერთიანობა იკვეთება - ერთი გუნდიდან პრემიერ-მინისტრი, იმავე გუნდიდან პარლამენტის თავმჯდომარე და ჯანსაღი, არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალიდან პრეზიდენტის პოსტზე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ სად იქნება, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია და ამიტომაც ვარ ქალბატონი ნინოს გვერდით. ქალბატონი ნინო არ იქნება ოპონირების რეჟიმში პრემიერ-მინისტრთან. ის, რასაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს პარლამენტში, არის ჩასაფრებული გუნდის პოზიცია, რომელიც ძირს უთხრის ქვეყანას. შედეგად ხალხი და საქართველო ზარალდება.

1-analit-gigla-zfg

- „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალი წევრი ხართ. როგორ მოგწონთ ეს გუნდი?

- გუნდი ძალიან მომწონს. აქ არიან პროფესიონალები (და ამ პროფესიონალიზმით არ გაწუხებენ  - ეს თვისება განსაკუთრებით მომწონს), ნამდვილი ოჯახისშვილები, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები, აი, წუპაკ პოლიტიკოსებს არ ჰგვანან (იცინის).  ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც ეს გუნდი გავიცანი. მართალია, ბევრ ადამიანთან ვმეგობრობდი, მაგრამ, ცხადია, არა მთელ შემადგენლობასთან - პოლიტსაბჭოს და დარბაზის წევრებს არ ვიცნობდი. არაჩვეულებრივი ხალხია და დარწმუნებული ვარ, ერთად ადვილად გავართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას.

- ბატონო გიგლა, როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში რამდენად თავისუფალი საარჩევნო გარემოა?

- რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით, რა ვითარებაც იყო, ძალიან დიდი სხვაობაა. ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა და ლიდერის მიმართ. ეს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა.

- როგორ ემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

- არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო და ბევრი საქმე გვაქვს დარჩენილი. ძირითადი სტრუქტურა აწყობილია, მაგრამ ბევრი რამ გასაახლებელია. ვაპირებთ აგრეთვე რესპუბლიკური შტაბის გახსნას.

- რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და რას იტყვით მის კონკურენტებზე?

- ქალბატონი ნინოს პოლიტიკურ გამოცდილებას და ლიდერის ფუნქციებს თუ გავითვალისწინებთ, წარმოდგენილ ყველა კანდიდატს სჯობია. ქალბატონი ნინო გვთხოვს ხოლმე, რომ მის შესაძლო ოპონენტებს „კბილი არ გავკრათ“და ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში ვიმუშაოთ. მე, ფიცხი გურული რომ ვარ, არ მომასვენა გამჩენმა და უტაქტო განცხადების გამო მაინც „გავკარი კბილი“ გიორგი მარგველაშვილს (იცინის). პირადად მარგველაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - კარგი ადამიანია, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, მაგრამ ის, როგორც ცალკე კანდიდატი, ქალბატონი ნინოს კონკურენტი ვერ იქნება. ხოლო თუკი განვიხილავთ მას, როგორც ბიძინა ივანიშვილის მეგობარს და გამარჯვებული გუნდის კანდიდატს, ეს სერიოზული ძალაა.

იმ კანდიდატებიდან, რომლებიც წარმოდგენილი არიან, ზოგს ადამიანური და ორგანიზაციული რესურსები არ აქვს, ზოგს სტრუქტურა არ გააჩნია, ზოგს მასშტაბები არ ჰყოფნის და ა.შ. „დემოკრატიულ მოძრაობას“ სტრუქტურა ძალიან გამართულად აქვს აწყობილი და ეს მეტად მნიშვნელოვანია არჩევნების სამზადისის პროცესში.

- ბატონო გიგლა, საპრეზიდენტო არჩევნებში რატომ უნდა მისცეს ხალხმა ხმა ნინო ბურჯანაძეს?

- იმიტომ რომ, პირველ რიგში, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს. მიუხედავად ხალხის დიდი სიმპათიისა „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ, ჩემი აზრით, არ არის სწორი, რომ ყველა პირველი რანგის ხელმძღვანელი ერთი გუნდიდან იყოს. მეორე - ქალბატონ ნინოს აქვს უზარმაზარი გამოცდილება ქვეყნის მართვის საკითხში. მესამე - ცნობადობა - საქართველოში რომ იცნობენ, ეს ბუნებრივია, მაგრამ მას იცნობენ ევროპაში, შეერთებულ შტატებში, რუსეთში და ა.შ. გარდა ამისა, მას სერიოზული კონტაქტები აქვს. მე დიპლომატი ვარ და კარგად ვიცი, რომ ადამიანურ ურთიერთობას, ბექგრაუნდს და გამოცდილებას მოლაპარაკების მაგიდასთან უდიდესი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  ერთ წიგნზე ვმუშაობ, რომელსაც არჩევნების შემდეგ გამოვცემ, სადაც ლაპარაკი მაქვს იმაზე, რომ ქართველებმა თვითკრიტიკის უნარი დავკარგეთ. თუ რამე ცუდი ხდება, ეს სხვისი ბრალია, ჩვენ ყველგან და ყველასთან მართლები ვართ - როცა ერი ასე აზროვნებს, რაღაც არასწორად არის მასში კოდირებული და უნდა შეიცვალოს. უზარმაზარი ტრადიციების მატარებელი ერი ვართ, მაგრამ თუ თვითკრიტიკას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება. ბევრი ადამიანი, ლოგინზე წამოპლაკული, ტელეეთერიდან განცხადებებს რომ ისვრიან, გამოსულიყვნენ 26 მაისს და დასდგომოდნენ გვერდში ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს. ის, რომ 2 ოქტომბერს სააკაშვილმა იარაღი ვერ გამოიყენა, სწორედ 26 მაისის დამსახურებაა. ისეთი ცუდი გამოძახილი ჰქონდა იმ კადრებს, რომ სააკაშვილმა ვეღარ გაბედა იმავეს გამეორება.

გარდა ამ ყველაფრისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციები, რომელთაც უდიდეს პატივს სცემს პირადად ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი - ეს ძალიან დასაფასებელია.

- საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენისას თქვენი ქალიშვილი ეკატერინე გახლდათ. როგორც ვიცი, ისიც გეხმარებათ წინასაარჩევნო საქმიანობაში...

- იცით, რა ხდება, მაშინ, როდესაც სპეცრაზმი ჩემს დასაპატიმრებლად მოდიოდა და ქვეყნიდან გავიქეცი, ეკატერინე 11 წლის იყო, ახლა კი  20 წლისაა. მართალია, ხშირად ველაპარაკებოდი ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ იყო ქვეყნები, საიდანაც ამას ვერ ვახერხებდი. ვერც ტელეფონზე ვურეკავდი, რადგან ისმინებოდა, მერე ჩხრეკდნენ სახლს და ამის გამო უამრავი პრობლემა ექმნებოდათ. ეკატერინე ხშირად თან მახლავს ხოლმე. „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში რომ მოვედით, ქალბატონი ნინო ისე მოეფერა, რომ იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება საარჩევნო საქმიანობაში ეკატერინეს ჩართვასთან დაკავშირებით. ის  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ინტერნეტსივრცეზე იმუშავებს.

9 წელი რომ ვერ ვნახულობდი, სულ იმის განცდა მაქვს, რომ მასთან ურთიერთობის წლები დამაკლდა და მაქსიმალურად ვცდილობ ამ დროის ანაზღაურებას. თვითონაც სულ ცდილობს, თავისუფალი დრო ჩემთან ერთად გაატაროს.

1-analit-gigla-q-1 1-analit-gigla-q2