საზოგადოება
სააკაშვილი: „კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დღესვე დავაკმაყოფილებ"

1-misha-fulleსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, იუსტიციის მინისტრის წარდგინების შემთხვევაში, მთავარი პროკურორის თანამდებობიდან არჩილ კბილაშვილის გადაყენებისა და მისი შემცვლელის დანიშვნის საკითხი დღესვე დააკმაყოფილოს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ლაპარაკია ბედუკაძეზე, რომელმაც თავად აწამა, თავად გადაიღო ყველაფერი, თვითონ იყო პროდიუსერი, მთავარი როლის შემსრულებელი, რეჟისორი და პროკურატურამ შემდეგ ლამის ოსკარზე წარადგინა. პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადეს.... დღეს მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ეს ფირები გადაეცა რაღაც ჯგუფებს 2011 წლის აგვისტოში. ეს არის ორი თვით ადრე, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებდა, რომ ის საქართველოს ხელში ჩაგდებას აპირებდა...  2 მთავარ რამეზე, რითაც ეს ჯგუფი მთავრობაში მოვიდა, ამ დღეებში ითქვა უარი - ბედუკაძის საქმეზე წარმოიქმნა ის, რაც ვნახეთ და რაფალიანცის საქმეს აღარ იძიებენ...  სრულიად ნათელია, რომ განცხადება, თითქოს კბილაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს დაახლოებით იმავე ზღაპრებიდანაა, როდესაც კასრებში ახალ-ახალ ვიდეოჩანაწერებს პოულობენ. იუსტიციის მინისტრს პრემიერის დავალებით დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მე დღესვე დავაკმაყოფილებ...", - განაცხადა სააკაშვილმა.