„მამუკა მიქაუტაძის გვამს გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება კისრის ზემო მესამედში ირიბად აღმავალი სტრანგულაციური ღარის სახით. სტრანგულაციური ღარის ირიბად აღმავალი და არათანაბრად გამოხატული ხასიათი მიუთითებს მასზედ, რომ მარყუჟის ჩაჭერა უნდა განვითარებულიყო სხეულის საკუთარი სიმძიმით, ანუ ჩამოხრჩობით.
გარეგანი დათვალიერებით, მიქაუტაძეს, გარდა სტრანგულაციური ღარისა, აღენიშნება დაზიანება ცხვირის მარცხენა ნესტოს (ფრთა) მიდამოს სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის დადგომამდე დროის ახლო პერიოდში.
ორივე ტერფის გულის შიგნითა გვერდით ზედაპირებზე არსებული თითქმის იდენტური უსწორო სიგრძივი ფორმის, მუქი მოლურჯო მოიისფრო უბნები მაღალი ალბათობით არატრავმული წარმოშობისაა, თუმცა მათ ხასიათზე (სისხლნაჟღენთი თუ ნაადრევი გვამური მოვლენა) კატეგორიული დასკვნების გამოტანა მხოლოდ გვამის გარეგანი დათვალიერებით ძნელია“, - აღნიშნულია გარეგანი ექპერტიზის დასკვნაში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ 6 ივლისს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. როგორც მიქაუტაძემ მეუღლეს და მეგობრებს თვითმკვლელობამდე განუცხადა, მას სამართალდამცავებმა მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს.