გიორგობიანი: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნა არ იკრძალება“
საქართველო, 10 ივლისი,
საქინფორმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნა არ იკრძალება.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. “კოცნა არ იკრძალება. ამ ცვლილებებით საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნად შეიძლება ჩაითვალოს – გაშიშვლება და მასთან დაკავშირებული ცალკეული მოქმედებები, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება და სხვა მსგავსი უხამსობები და არა, დავუშვათ, პაემანი და კოცნა, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ მოქმედებებად. ძირითადად ცვლილება ეხება ქუჩებში, სტადიონებზე, ტრანსპორტსა და სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას”, - განმარტავს გიორგობიანი. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტით, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა - 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი – 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.