საზოგადოება
ირმა ინაშვილი ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1-irma-inaSviliiსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დღეს დილიდან იმდენი მედია-საშუალება დამიკავშირდა, რომ იძულებული გავხდი, ჩემი კოლეგების შეკითხვები დამეჯგუფებინა და პასუხი, ერთიანი განცხადებით სახით, გამევრცელებინა.

1) ბატონმა ვლადიმერ ბედუკაძემ კადრები ბატონ გიორგი ლომიას ნამდვილად გადასცა 2011 წლის სექტემბერში. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, გასაჯაროების უფლების გარეშე!
2) გასაჯაროება დაკავშირებული იყო ძალიან ბევრი პირობის შესრულებასთან, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვდა. ჩვენ ყველა პირობა პატიოსნად, ზნეობრივად, გადაჭარბებით შევასრულეთ.

3) ვიდრე დათა აკობიას კადრები არ გამოვაქვეყნეთ, ანუ კარანტინის დაშლის კადრები (რაც შალვა რამიშვილის გადაცემაში გავიდა) მანამდე ბედუკაძე ჯერ კიდევ არ გვაძლევდა უფლებას მის მიერ გადაღებული (ე.წ. ცოცხების) კადრები გაგვესაჯაროებინა. ეს ბრიუსელში, 2012 წლის სექტემბერში ხდებოდა.
4) ხაზგასმით ვამბობ: ბედუკაძის წვლილი ძალიან დიდია, მაგრამ სისტემური დანაშაული ამხილა დათა აკობიას მიერ გადაღებულმა კადრებმა, რაზეც, რატომღაც, ბატონი მთავარი პროკურორი დუმს და პროკურატურის განცხადებაში წერს, თითქოს კარანტინის დაშლის კადრები ბორის ფარულავამ გადაიღო.
5) ფარულავას წვლილიც ძალიან დიდია. მან ჩვენ მიერ გადაცემული კამერა ციხეში შეიტანა, მაგრამ კარანტინის დაშლის კადრები უშუალოდ დათა აკობიამ გადაიღო და არა ბორის ფარულავამ.

6) ბატონი მთავარი პროკურორი კვლავ ცდება, ან არ ახსოვს, რომ პროკურატურას კადრების დედნები და ტექნიკა მე და გიორგი ლომიამ საჯაროდ გადავეცით და არა ვლადიმერ ბედუკაძემ. რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას, მე ამას ვერ შევაფასებ, რადგან არც პროკურორი ვარ, არც გამომძიებელი და არც მოსამართლე.
7) ბედუკაძემ მის მიერ გადაღებული კადრები გიორგი ლომიას მიაწოდა. „კარანტინის კადრების“ მოპოვების, აგრეთვე, ბედუკაძისა და აკობიას კადრების გასაჯაროების საქმეში მონაწილეობდნენ: ვლადიმერ ბედუკაძე, ბორის ფარულავა, დათა აკობია, გიორგი ლომია, კოტე ინაშვილი, მე - ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე, მერაბ ბლადაძე, გიორგი ფოფხაძე, ვახტანგ ბეგიაშვილი და დავით თარხან-მოურავი. ამ საქმეში ყველა მონაწილემ თავისი, კონკრეტული წვლილი შეიტანა. ცხადია, ბედუკაძემ, ფარულავამ და აკობიამ საფრთხის ქვეშ დააყენეს საკუთარი და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე. ამავდროულად, იგივე რისკი გავწიეთ ამ საქმის დანარჩენმა მონაწილეებმაც.
9) გამაოგნებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, რომელიც დღეს ირმა ნადირაშვილმა გააჟღერა,- გამოძიებულ იქნას, რატომ არ გასაჯაროვდა კადრები 2012 წლის სექტემბრამდე, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის დაფარვასო? მინდა, „ნაცმოძრაობას“ შევახსენო, რომ 2011 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში მე არაერთგზის, ღია ეთერში, პრესკონფერენციებსა და მიტინგებზე ვასახელებდი ციხის ჯალათების გვარებს და ვასაჯაროებდი ფაქტებს ნაწამები პატიმრების შესახებ. გამოქვეყნებული მაქვს ციხის 29 ჯალათის სია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იმ პერიოდში მართავდა ქვეყანას, არავითარ ზომებს არ ღებულობდა და პირიქით, არბევდა ჩვენს მიტინგებს და ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრების ოჯახის წევრებს. ასე რომ, სწორედ „ნაცმოძრაობა“ უწევდა ორგანიზებას და ფარავდა წლების მანძილზე ამ დიდ დანაშაულს.
10) ამასთან ერთად, აღვნიშნავ, რომ მე, სხვებზე არანაკლებ და, შესაძლოა, მეტადაც შეძრული ვარ იმ არაადეკვატური განაჩენებით, რაც სასამართლოს მწამებელთა მიმართ გამოაქვს. რაც შეეხება, ბატონ ბედუკაძეს, ცხადია, მისი თანამონაწილეობა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ხოლო რამდენად ადეკვატურად ან არაადეკვატურადაა გათვალისწინებული ბედუკაძის დამსახურება, ამისი შეფასება გამოძიების, პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა”,- აღნიშნულია განცხადებაში.