საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ა/ო ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ვლადიმერ ბედუკაძის საპროცესო შეთანხმების კანონიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ვფიქრობთ, პროკურატურა სუსტი კი არა, რეფორმების და რეორგანიზაციის რეჟიმშია. ეს უწყება რომ დასუსტებული იყოს, ნაცმოძრაობა ზედმიწევნით არ მოითხოვდა მთავარი პროკურორის გადაყენებას.მთავარი პროკურორის ა. კბილაშვილის ბოლო პრესკონფერენციამ დაგვანახვა, რომ იგი არის სამართლიანი ადამიანი. მასვე სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლება, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, ამასთანავე, ბრალდებულთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში, რაც გამოიხატებოდა ლ. ბედუკაძის მიერ წამების ამსახველი მტკიცებულებების და ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდებაში.
მიგვაჩნია, მთავარია ის, რომ მთავარ პროკურორს კანონი არ დაურღვევია და იგი არის ობიექტური და სამართლიანი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. საპარლამენტო უმრავლესობამ ა. კბილაშვილის კრიტიკისაგან თავი უნდა შეიკავოს, რადგან ეს ნაცმოძრაობის მიერ ვაჭრობის საგნად უკვე გადაიქცა, შედეგად კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტები და ითხოვენ კბილაშვილის გადადგომას.
აქვე დავძენთ, რომ სამწუხაროდ, საზოგადოება მიეჩვია პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებითი საკითხების აღრევას, მიგვაჩნია რომ პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ პოლიტიკა და იურისტებმა უნდა შეუწყონ ხელი მართლმსაჯულების განვითარებას.
პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
“ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“
თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე“