უცხოეთი
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი სახელმწიფო დუმის დეპუტატების წინააღმდეგ პიკეტს გმობს

1-xubuსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია გუშინ თბილისში, "დინამო არენასთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრების წინააღმდეგ პიკეტის მოწყობას გმობს.

საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ ხუბუტიას განცხადებას:
"მინდა გამოვეხმაურო გუშინ საღამოს თბილისში, "დინამო არენასთან" განვითარებულ მოვლენებს. როგორც რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი, ვგმობ და არასწორად მიმაჩნია საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრებს პიკეტი მოუწყო. ამასთან, როგორც რიგითი ქარველი, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თითოეული ქართველი მოქალაქის მიმართ და ვაცხადებ, რომ ყოველთვის საჭიროების შემთხვევაში ვიდგები ქვეყნის სადარაჯოზე. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის აღდგენას კულტურის, სპორტის და სხვა სფეროებში, მიმაჩნია, რომ ეს არის გზა, რომლითაც იწყება ჩატეხილი ხიდის აღდგენა, იწყება ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხალხებს საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდათ. მოვუწოდებ ამ დროისთვის უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, ნუ იყენებს ბინძურ მეთოდებს და ხელს ნუ უშლის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენას. ჩემს გამოსვლებში არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წლების წინ წარმოშობილი კონფლიქტის გაღვივება ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს ვერც პოლიტიკურ საზოგადოებას და ვერც ჩვენს მოქალაქეებს, რამეთუ ერთეული პიროვნებების დაპირისპირებამ მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე. და ბოლოს, მივმართავ იმ ჯანსაღ საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ ეთქმის საზოგადოებაში სიტყვა, ხმა აიმაღლონ იმ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც 9-წლიანი მმართველობა სისხლიან და დანაშაულებრივ ეპოქად აქცია", - ნათქვამია ხუბუტიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.