საზოგადოება
კბილაშვილი: „ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ შეწყდა პატიმრების ცემა და წამება“

1-kbilaSvili-saz-3საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ე.წ. ციხის კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

კბილაშვილმა გამოჰყო ორი ფაქტორი - წმინდა სამართლებრივი, ფორმალური მხარე და შინაარსობრივი ასპექტი, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად და იქვე განმარტა, რომ 218- მუხლის 1 ნაწილით, მთავარ პროკურორს ენიჭება უფლება, ნებისმიერ საქმეზე გამოიყენოს უფლებამოსილება, სასჯელისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც შეიძლება იყოს ბრალდებული, მსჯავრდებული“.

სხვა არგუმენტებთან ერთად, კბილაშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც ვიდეოკადრები გამოქვეყნდა, შეწყდა ცემა, წამება, არადამიანური მოპყრობა და ათასობით პატიმარი, რომლებიც მომავალში დაექვემდებარებოდნენ იმგვარ ქმედებებს, გადარჩნენ და მსგავსი ბედის გაზიარება მათ აღარ მოუწევთ... ჩამოგითვლით მეთოდებს, თუ როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს: ცემა, წამება, არაჰუმანური მოპყრობა - რეზინის ხელკეტით, სავარჯიშო ბალიშით, პლასტმასის ბოთლით, ელექტროშოკით, ქვიშის ჭამით, ხელ-ფეხშეკრულს საათობით კიდებდნენ სავარჯიშო ძელზე და ახდენდნენ მათ ვიდეოგადაღებას... უმტვრევდნენ კბილებს, იკეტებოდა წყალი, საკნის ფანჯრები, ბანაობისას სისტემატურად უწყვეტდნენ წყალს... აიძულებდნენ ცხელი საკვები ეჭამათ რამდენიმე წუთში, იყო გაუპატიურების და გაუპატიურების მუქარის შემთხვევები... იყო ე.წ. წითელი პარასკევი, რა დღესაც ყველას კრებდნენ და მერე უმოწყალოდ სცემდნენ. აშიშვლებდნენ, აკეთებინებდენ ბუქნებს და კარანტინში გაჰყავდათ. ძალის გამოყენებით პარსავდნენ თავს, ან ნახევრად პარსავდნენ წვერს, აბანოში აჩერებდნენ 3-5 დღე. პატიმრებს ეძინათ ბეტონის იატაკზე მორიგეობით. 20 დღით სვამდნენ კარცერში ჭრილობების ბოლომდე მორჩენამდე. ყოველივე ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.