საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შსს მინისტრის განცხადება:
„პირველ რიგში, მე მინდა ორიოდე სიტყვით ვუპასუხო ბატონ პრეზიდენტს და საზოგადოებას ავუხსნა და მივაწოდო რეალური ინფორმაცია.
პირველი - მე მოვისმინე ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ, ჩვენმა მესაზღვრეებმა და ზოგადად ჩვემმა სამინისტრომ და პირადად მე შემოვუშვი რუსი ოკუპანტის წარმომადგენელი, რუსეთის დუმის წარმომადგენელი - დეპუტატი.
მე მინდა აქვე შევახსენო ყველას, მათ შორის ბატონ პრეზიდენტს და ზოგადად საზოგადოებას განვუმარტო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, 5 დეპუტატი, მათ შორის „ედინნაია რასიას“ წარმომადგენლები იყვნენ შემოსულები საქართველოს ტერიტორიაზე. მე მაქვს ლოგიკური შეკითხვა: თუ დღეს, უფრო სწორედ გუშინ, სპორტული ღონისძიების დასასწრებად ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი უქმნის პრობლემებს საქართველოს უსაფრთხოებას, ისმის კითხვა - რატომ არ უქმნიდა რუსეთის დუმის 5 დეპუტატი იგივე პრობლემას საქართველოს წინა ხელისუფლებას? აქ არის ძალიან მარტივი რეალობა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები და ძალიან სამწუხარო პირადად ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადების მოსმენა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, დაკავებული სამი ახალგაზრდის თაობაზე. მე აქვე მინდა ასევე ობიექტური ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. რა თქმა უნდა არის ტყუილი, რომ ეს ახალგაზრდები დააკავეს იმის გამო, რომ თითქოს ისინი აგინებდნენ, თუ შეურაცხყოფას აყენებდნენ ოკუპანტებს და რომ ისინი ითხოვდნენ თურმე აფხაზეთის გათავისუფლებას ოკუპანტებისგან და თითქოს ამის გამო დააკავეს ისინი პოლიციელებმა.
მე ვიტყოდი, რომ ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა მთლიანად ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის და მთლიანად ჩვენი სამინისტროსი, თითოეული პოლიციელის. მე აქვე მინდა შევახსენო ყველას და მათ შორის პრეზიდენტსაც, რომ ეს პოლიციელები იბრძოდნენ აგვისტოს ომის დროს, ისინი მზად იყვნენ სიცოცხლე შეეწირათ საკუთარი სამშობლოსთვის.
ამ პოლიციელებს ძალიან უცენზურო სიტყვებით, საშინლად დამამცირებლად მიმართავდნენ ეს ახალგაზრდები. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია ისინი აგინებდნენ პოლიციელებს და პოლიციას. ეს არის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა ჩვენი სიამაყის, ჩვენი პოლიციის, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების. ჩვენ არ დავუშვებთ და არავის არ ვაპატიებთ უსამართლოდ პოლიციელის შეურაცხყოფას.
მე ძალიან, კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ მოვისმინე პრეზიდენტის ეს განცხადება. ეს კიდევ ერთხელ იყო შეურაცხმყოფელი განცხადება ჩვენი სამინისტროს და მთლიანად თითოეული პოლიციელის. სამწუხაროა, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვიცავთ კანონს, ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოებას ჩვენი მოქალაქეების, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც არჩევდნენ მოქალაქეებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ვიცავთ ყველას, განურჩევლად მათი მრწამსისა, რელიგიური შეხედულებისა თუ სხვა შეხედულებებისა.
შესაბამისად ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, როგორც ახალი მთავრობის წევრისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩემთვის მნიშვნელობა აქვს კანონს, წესრიგს და წესიერებას. ჩემთვის არ არის კანონი პრეზიდენტი, პრეზიდენტი არის ჩემთვის კანონი!“