საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. მარაბდა-კარწახის რკინიგზის დირექტორი ირაკლი წულაია პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებას გამოეხმაურა და სააკაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა. მისი განმარტებით, რკინიგზის მშენებლობა არათუ შეფერხებით, არამედ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.
წულაიას განცხადებით, პრეზიდენტი მშენებლობის დასათვალიერებლად უქმე დღეს საგანგებოდ ჩავიდა."პრეზიდენტი ჩავიდა კვირა დღეს იმ იმედით, რომ დახვდებოდა სამუშაო წარმოების დაბალი ტემპი. ვინაიდან სამუშაოები დახვდა აქტიურ ფაზაში, ვიდეომიმართვა კოჯრის ტყის ფონზე გააკეთა. თუმცა ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მაინც მოახერხა და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციას შეეცადა. პრეზიდენტის განცხადება, თითქოს მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტს სერიოზული ფინანსური შეფერხებები აქვს და თითქოს ქართულ მხარეს აზერბაიჯანულ მხარესთან აქვს გარკვეველი კითხვები, არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. კითხვების ადრესატია არა ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები, არამედ წინა მმართველობა, რომლებსაც ბრალი ედებათ მილიონობით ლარის მითვისება-გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, დეტალები გასაჯაროვდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ქულების დასაწერად", - აცხადებს წულაია.
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 2012 წლის ოქტომბრამდე გაფლანგულ თანხებზე და იმ კომპონენტს ეხება, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებდა.
ირაკლი წულაია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი დაიწყო, 4 წლის განმავლობაში მთლიანი სამუშაოების მხოლოდ 28 % იყო შესრულებული. დანარჩენი სამუშაოების შესრულებას კი რკინიგზის ადმინისტრაცია 2014 წლის ბოლომდე ვარაუდობს.