სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა

1-samartal-1-aWaraსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით აჭარის რეგიონში იმყოფებოდა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, გასვლითი თათბირი დაინიშნა სწორედ იმ რეგიონში, სადაც ყველაზე მეტ დამსვენებელს ელოდებიან. საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბათუმში საქართველოს რეგიონების სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელთა ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 1-კვირიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს ტურისტებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით. საკურორტო სეზონისთვის აჭარის რეგიონში თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან სამართალდამცველების დამატებითი კონტინგენტი ჩავიდა.
თათბირზე ასევე განიხილეს პოლიციის მუშაობის 6 თვის შედეგები. წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია.

მინისტრმა პოლიციის მუშაობა დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმის გახსნის მნიშვნელობას.