პუბლიკაციები
“გზა ერთია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!“ - საქინფორმის მკითხველი ლავრენტი ბ. გამოეხმაურა ევრაზიის ინსტიტუტის პუბლიკაციას “პრემიერ-მინისტრის პრაგმატიზმი“...

1-aktual-analit-gzaსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 5 ივლისს საქინფორმმა მკითხველს შესთავაზა პუბლიკაცია ევრაზიის ინსტიტუტის საიტიდან პრემიერ-მინისტრის პრაგმატიზმი, სადაც ნათქვამია შემდეგი:

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ “გერმანულ ტალღას“ ცხადყოფს, რომ საქართველოს ჰყავს მეტად თავისებური ლიდერი, რომელსაც გეოპოლიტიკური აზროვნების დეფიციტი, შესაძლოა, აქვს, მაგრამ მისი აზროვნება ზედმიწევნით პრაგმატულია და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას ასახავს.

ამ ინტერვიუდან მთავარი მომენტები, ჩვენი აზრით, შემდეგია:

1. სააკაშვილი უკვე “ჩამოწერილია“, მასთან არც ბრძოლა და არც რაიმე კონტაქტი, უბრალოდ, საჭირო არ არის;

2. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგება, შიდაპოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით;

3. რუსეთისთვის არ არის მარტივი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება, თუმცა ეს აღიარება მისთვისვე პრობლემატური იყო და არის, ანუ რუსეთს არ აწყობდა და არ აწყობს საქართველოს დანაწევრება;

4. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზების და ოსების კეთილ ნებას და მათ გადაწყვეტილებას დაველოდებით. ჩვენი მიზანი იქნება არა ტერიტორიების, არამედ ამ ხალხების ნდობის დაბრუნება. სწორედ ეს არის ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი შანსი, როდესაც არც “ხისტი“ დიპლომატია და, მითუმეტეს, არც სამხედრო ძალა არ ჭრის;

5. ესმის, რომ ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა პარალელურ რეჟიმში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს მოვლენები დროში ისე გაწელოს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს (ეს დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელია);

6. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სინამდვილეში პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და “სამოქალაქო სექტორიდან“ მოახდენს უშუალო გავლენას პროცესებზე“.

და აი, გუშინ, ა.წ. 8 ივლისს, ლავრენტი ბ-ს სახელით ცნობილმა საქინფორმის მუდმივმა მკითხველმა, რომელიც ჩვეულებრივ ასე აწერს ხელს კომენტარებს პუბლიკაციებზე საიტზე www.saqinform.ge, ჩვენს რედაქციაში გამოხმაურება გამოგზავნა ევრაზიის ინსტიტუტის ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციაზე მისი 6 თეზისიდან თითოეულზე შეკითხვა-კომენტარების ფორმით, რომლებსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

“1. სააკაშვილი უკვე ჩამოწერილია...

ლავრენტი ბ. - დავუშვათ, მაგრამ დარჩენილ მეტასტაზებს რა ვუყოთ?

2. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება...

ლავრენტი ბ. - ცხინვალსა და სოხუმში საელჩოების დახურვის შემდეგ თუ ამისაგან დამოუკიდებლად?

3. რუსეთს არ აწყობს საქართველოს დანაწევრება...

ლავრენტი ბ. - საქართველოს, როგორც ნატოს წევრის??? საეჭვოა... ისინი  (რუსეთი) ამას სავსებით ხელსაყრელად მიიჩნევენ...

4. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზების და ოსების კეთილ ნებას და მათ გადაწყვეტილებას დაველოდებით...

ლავრენტი ბ. - ისინი კი (აფხაზები და ოსები) მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდებიან და მოლაპარაკების წარმოებას მხოლოდ ამ პოზიციებიდან თანხმდებიან...

5. ესმის, რომ ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა პარალელურ რეჟიმში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს მოვლენები დროში ისე გაწელოს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს...

ლავრენტი ბ. - გაწელე-არ გაწელე, არჩევანი მარტივია: ან ნატოში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე, ან ქვეყნის რეალური გაერთიანებით დაკავება...

6. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სინამდვილეში პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და “სამოქალაქო სექტორიდან“ მოახდენს უშუალო გავლენას პროცესებზე...

ლავრენტი ბ. - და ამ დროს რაზე მოილაპარაკებენ “რესპუბლიკელები“ და “ალასანიელები“ “ნაციონალებთან“ პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, სანამ ის გარედან გავლენას მოახდენს???

რეზიუმე: რეფორმების გასატარებლად საჭიროა ძალაუფლება. მაგრამ თუ ძალაუფლების სუბიექტი მისგან გამიჯვნას აპირებს და მხოლოდ გავლენის შენარჩუნება სურს - ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რეფორმები მისთვის პრიორიტეტული არ არის?

რამდენადაც ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკა გახლავთ (და არაფერი სხვა!), ჩვენ ვხედავთ - პრემიერმა, რომელსაც ძალაუფლებაც ჰქონდა და გავლენაც, ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ განმსაზღვრელი მიმართულებების რეფორმირებაში ვერც “წესრიგის დამყარებაში“, ვერც “სამართლიანობის ზეიმში“... ციხეში შემსუბუქების და ტელეფონების მოსმენის გარდა - არაფერი! და არა იმიტომ, რომ არ სურდა ან საკმარისი ძალისხმევა არ დაახარჯა...

როგორი წინააღმდეგობაა! შეუპოვარი წინააღმდეგობა “ბოლო ტყვიამდე“!..

და რა მოხდება, როდესაც მას ძალაუფლების და გავლენის ნაცვლად მხოლოდ გავლენა დარჩება?  უწყვეტი და კონცენტრირებული კოჰაბიტაცია? ეს არის მიზანი?!

დასკვნა მარტივია: გინდა წესრიგის დამყარება? გინდა “სამართლიანობის ზეიმი“? გზა ერთია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!!! ყველაფერი დანარჩენი - ეშმაკისაა...

ამის შემდეგ, პარლამენტში ახალი შემადგენლობის განლაგებისგან დამოუკიდებლად, გავლენა გადაცემული ძალაუფლების ადეკვატური იქნება. ამ შემთხვევაში - სავსებით დამსახურებული გავლენა. მე ასე ვფიქრობ...“