უცხოეთი
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გერმანულ გაზეთ „შპიგელთან“ ინტერვიუში ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებთან. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ხორციელდება გერმანიასთან.
გერმანული სპეცსამსახურები, თავის მხრივ, უარყოფენ გფრ-ის მოქალაქეების თვალთვალთან კავშირს.სნოუდენის განცხადებით, ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოში არის სპეციალური, საგარეო საქმეთა სამმართველო, რომელიც ყველაფრის ორგანიზებას ახდენს ისე, რომ დაზვერვათა თანამშრომლობამ სახელმწიფოებისა და მთავრობების იმიჯს ჩრდილი არ მიაყენოს. სპეცსამსახურები მუშაობენ იმის გათვალისწინებით, რომ უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაძლო სკანდალის უარყოფითი შედეგებისგან.
სნოუდენმა საკმაოდ დეტალურად მოუთხრო „შპიგელს“ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და მათი ამერიკელი კოლეგების საიდუმლო ურთიერთქმედებებზე. თუ ამერიკის მთავრობა გამოავლენს ეჭვმიტანილს, რომლის დაკავებაც აუცილებელია, „ჩვენ ვაფრთხილებთ სხვებს (ანუ სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებს), რომ პირი, რომლის დაკავებაც გვინდა, მათ ერთ-ერთ აეროპორტს იყენებს და ისინიც ამ პირს გადმოგვცემენ“, - განმარტავს სნოუდენი ამ საიდუმლო საქმიანობის არსს. ამასთან, ცსს-ს ყოფილი თანამშრომლის თქმით, „სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები არ გვეკითხებიან, საიდან მივიღეთ ცნობები და ჩვენც არაფერს ვეკითხებით“. ამგვარად, თუ კიდევაც ცნობილი გახდა, რამდენად „უხეშად დაირღვა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების სფერო“, პოლიტიკოსები მაინც ეჭვგარეშე რჩებიან. სნოუდენი დარწმუნებულია, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში გერმანულ დაზვერვას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ამერიკელების მიერ გფრ-ის მოქალაქეებზე განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის შესახებ.