ლეიბორისტული პარტია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ და მოითხოვენ, საქართველოს კანონში „ელექტროენერგიისა და ბუნებივი გაზის შესახებ“ განხორციელებული ცვლილების გაუქმებას.
ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გიორგი გუგავამ საქინფორმთან საუბრისას განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა, რომელიც ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ახალი დრაკონული წესის გაუქმებას, რომლის შესაბამისადაც მოსახლეობის წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახდელიდან ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში დენის მიწოდებას შეუწყვეტენ. გუგავას შეფასებით, ასეთ პირობებში თბილისში მცხოვრები 400 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად გაღატაკებულია, ქვეყანა კი სოციალური აჯანყების პირას დგას. გუგავა ხელისუფლების ამ ინიციატივებს აღნიშნულ კომუნალურ სფეროში არსებული კომპანიების ლობირებით ხსნის. ლეიბორისტების განცხადებით, თუკი მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე პარლამენტი არ მიიღებს კანონში ცვლილებებს და გადასახადების ერთიანი სისტემა არ გაუქმდება, პარტია სათავეში საერთო ეროვნულ საგადასახადო დაუმორჩილებლობას ჩაუდგება. გიორგი გუგავა თავად აპირებს, იყოს პირველი ოჯახი, ვინც პროტესტის ნიშნად ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში არც ერთ გადასახადს არ გადაიხდის.