პოლიტიკა
საპრეზიდენტო პრაიმერის მეორე ტურშიც დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

1-davit-bakraZeსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გორში ჩატარებულ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძე, მესამე ადგილზე – ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე კი - შოთა მალაშხია.

კონფერენციას, სადაც დავით ბაქრაძემ, გია ბარამიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და შოთა მალაშხიამ შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები  გააცნეს, 500-მდე დელეგატი დაესწრო, რომლებმაც გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრაიმერის პირველ ტურში, რომელიც ქუთაისში გაიმართა, ასევე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

“ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა პრაიმერის დასრულების შემდეგ, თვის ბოლოს გაირკვევა, პრაიმერის მესამე ტური კი 14 ივლისს კახეთში გაიმართება.