აქტუალური
თავდაცვის სამინისტროში ფილმის "ნეტავ იქ თეატრი არის?!" ჩვენება გაიმართა

1-akt-3საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს კლუბში შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმის ნეტავ იქ თეატრი არის?!” ჩვენება გაიმართა. კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი პროექტია. ფილმის ჩვენებას რეჟისორ ნანა ჯანელიძესა და მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. ნანა ჯანელიძის დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი კახი კავსაძის ოჯახის ისტორიას ასახავს და მასში მთავარ როლს თავად კახი კავსაძე ასრულებს.

„ეს მემორანდუმი გაფორმდა ჯარის მეგობართა საზოგადოების შექმნის შემდეგ. ამ ინიციატივის ფარგლებში კინოჩვენებები განხორციელდება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ინიციატივით, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ჯარი ყოველდღიურად ქართული კულტურის, ხელოვნების თანამოზიარე ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - ეს არის ჯარის და საზოგადოების ერთსულოვნების დამადასტურებელი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნულ კინოცენტრს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.