კახა კალაძე: „პრემიერის მიერ სემეკ-ის წევრების დანიშვნა მეტად ეფექტიანი იქნება“
საქართველო, 5 ივლისი,
საქინფორმი. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაანახა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არასახელმწიფოებრივად აზროვნებს და პირად ამბიციებს, ძალაუფლებით თამაშს უკვე მერამდენედ გადააყოლა ქვეყნის ინტერესები.
ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ენერგეტიკის მინისტრი
კახა კალაძე.
"ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მუშაობდეს ეფექტურად, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეს კომისია მიიღებს, არ იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ჯგუფის ნება-სურვილზე დამოკიდებული. ეს ცვლილებები გამართლებულია ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობით და იმით, რომ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი ჩართულობა აქვს ენერგეტიკასთან, სამინისტროსა და ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მეტად ეფექტური იქნება სემეკ-ის წევრების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის მიერ", - განაცხადა მინისტრმა. აღნიშნულ კანონპროექტს მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დღეს დაადო. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, პრეზიდენტის ნაცვლად, სემეკ-ის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.