სამართალი
ახალციხეში სასამართლოს შენობას კვერცხები და ქვები დაუშინეს

1-axalcixeსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ახალციხეში ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და ქვები დაუშინეს. ისინი ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვდნენ.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა: არანაირი აქცია, ყვირილი, შეძახილები, ტაშის კვრა და ასე შემდეგ არ შეცვლის და ვერ შეცვლის სასამართლოს გადაწყვტილებას. ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ყველაფერი ცივილზებულ ჩარჩოებში გააკეთოს და გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 3 ივლისს გამოიტანა.

გუშინ კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბორჯომის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ეხება 2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებულ პირებს, რომლებსაც ბორჯომის პოლიციის უფროსმა მამუკა ხვედელიანმა, პოლიციელებმა სერგო სამსონაძემ, ალექსანდრე ბლიაძემ და გიორგი ბლიაძემ სასტიკად სცემეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავებულებს საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები, ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს ანთებული სიგარეტი დაადო და ყური დაუწვა...

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა პოლიციელების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა მაშინ, როცა აღნიშნული ბრალდებები მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით არის დადასტურებული.