პუბლიკაციები
ნანა კაკაბაძე: „ივანიშვილმა ნაციონალური რეჟიმის გასამართლების პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც დაიწყო, ამიტომ პოლიტიკიდან მის წასვლაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია!“

analit-kakabaZeსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმის სტუმარია ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, სულისჩამდგმელი სახალხო მოძრაობისა, რომლის ლოზუნგია „სამართლიანობა უნდა აღდგეს - რეჟიმი გასამართლდეს!“, ყოფილი პოლიტპატიმარი და ცნობილი უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

- ქალბატონო ნანა, პრაქტიკულად ის, რასაც თქვენ და (სუბიექტური ვიქნები) თქვენთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე“ ამდენი ხანის განმავლობაში მოითხოვდით, ანუ ნაციონალური რეჟიმის გასამართლების აუცილებლობა - დადასტურდა. სამალავებში აღმოჩენილმა მასალებმა და ჩანაწერებმა ცხადყო, რომ რეჟიმი, რომელიც ასეთ საშინელებებს სჩადიოდა - აუცილებლად უნდა წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

- დიახ, მოხდა ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს პოზიცია უფრო გაიზიარა, ვიდრე პოლიტიკოსებისგან შეთავაზებული ე.წ. კოჰაბიტაცია. თუმცა უკვე თვეზე მეტია, თავად პოლიტიკოსებისგან იუმორის ფორმით უფრო თუ გაიგონებთ ამ ფრაზას, ვიდრე ისე, როგორ ეს თავიდან იქნა შემოთავაზებული. პოლიტიკოსებიც  მიდიან დასკვნამდე, რომ წინა რეჟიმი უნდა გასამართლდეს, რადგან ეს არის ფართო საზოგადოების დაკვეთა და არა რომელიმე ერთი ვიწრო ჯგუფის. აქედან გამომდინარე, იმას, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა წლის მანძილზე ჩაიდინა,  უნდა მოჰყვეს როგორც პარლამენტის, ისე სამართალდამცავების მხრიდან სათანადო შეფასება და რეაგირება. პირველი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა, თუმცა პოზიცია, რომელიც შეისწავლის ამ რეჟიმის ცხრაწლიან მოღვაწეობას პარლამენტში - საბოლოოდ არ შეცვლილა. მართალია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც მუშაობს ამ საკითხზე და შეხვედრაც უკვე შედგა, მაგრამ, ვიმეორებ,  პარლამენტში ჯერ არ ჩანს პოზიცია, რომელიც სააკაშვილისა და ნაციონალური რეჟიმის საქმიანობის შეფასების შესახებ დასკვნას დადებს და დამოკიდებულებაც ამ კუთხით, საბოლოოდ, ჯერ არ შეცვლილა! ვფიქრობ, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება. არადა, დრო არ ითმენს და ერიც სამართლიანობის აღდგენას ელის. ეს კი ვერ მოხდება, თუ რეჟიმის სათანადო შეფასება და ამ პოლიტიკის გამტარებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ მოხდება. იმ პირების, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაულებები ჩაიდინეს. ვხედავთ, რომ  ბოლო დროს კიდევ უფრო მეტი და მეტი დანაშაულები გამოდის სააშკარაოზე.  თვალთვალის, წამების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის, ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები ცხადად მეტყველებს, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე ცხრა წლის მანძილზე, მაგრამ პოლიტიკოსები ამაზე რეაგირებას ჯერჯერობით აგვიანებენ.

- გებრძოდნენ პირადად თქვენც და ამ პროცესსაც (პოლიტპატიმრების სტატუსის მოთხოვნის გამო), და ხელისუფლებასაც, ალბათ, დიდი წინააღმდეგობა შეხვდება ე.წ.“ოპოზიციისა“ და მათი მომხრე არასამთავრობო სექტორისგან. უკვე  ხელისუფლების წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს (გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით) იყო რეჟიმისგან განხორციელებული სისტემური ხასიათის დანაშაული და არა ერთეული შემთხვევები.

- იმას, რომ ერთ პოზიციაზე ვდგავართ  და მოქმედების ერთნაირ შესაძლებლობებსაც  ვფლობთ, ვერ ვიტყვი. რეჟიმის გასამართლების მოთხოვნისას (განსხვავებით ხელისუფლებისგან) ჩვენ მხოლოდ პოზიციის დეკლარირება შეგვიძლია. ხელისუფლებას კი ამ პოზიციის  რეალიზებისთვის  სხვა - ბევრად მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს. ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან მისი შესაძლებლობების  რეალიზება ჯერ არ ხდება, ვფიქრობ, ეს არის რეჟიმის გასამართლების საზოგადოების დაკვეთასთან  თანმხვედრი პოზიცია. რამდენადაც პოლიტიკოსებს,  იგივე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად (არჩევნები კი არცთუ შორსაა) არ სურთ დააფიქსირონ საზოგადოების დაკვეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია, ეხმიანებიან ამ მოთხოვნას.  თუმცა, საზოგადოება ხედავს, რომ კი ბატონო, ხელისუფლება უკვე ალაპარაკდა სისტემური ხასიათის დანაშაულებზე, მაგრამ არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც მას ხელეწიფება. ანუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც ამ ყველაფერს შეიწავლის და, რაც მთავარია, გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეებს გამოიძიებს. მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც აღუდგინეს უფლებები და თუნდაც უკანონოდ წართმეული ქონება დაუბრუნეს. არ ვიცი უკანონოდ დააპატიმრებული, ნაწამები ადამიანი, რომელმაც დღეს სასამართლოში იპოვა სამართალი! ამაზე სამართლის საძიებლად ჩვენთან მოსული ათასობით  ადამიანიც მეტყველებს. არადა, სამართლიანობის აღდგენა სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა უნდა მომხდარიყო სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც აცხადებდა: „ჩვენ მოვალთ და აღვადგენთ სამართლიანობას“, მაგრამ ამას ჯერ პირი არ უჩანს!

- ამის მიზეზი არ შეიძლება იყოს იგივე კოალიციის სიჭრელე  და მათი სხვადასხვა იდეოლოგიურ პოზიციაზე დგომა, და საზოგადოებაში არსებული ეჭვიც, რომ პარლამენტში გარკვეული ძალები აფერხებენ ამ პროცესს და ისევ ნაციონალების წისქვილზე ასხამენ წყალს? უახლოეს მომავალში ხომ არ  აპირებს ბატონი ბიძინა  ამის გამოსწორებას?

- როდესაც ლაპარაკია საზოგადოებასთან დიალოგზე, უნდა ითქვას ისიც, თუ რამ განაპირობა ასეთი განსხვავებული პოზიციის ადამიანების  ერთიან გუნდში თავმოყრა. იმიტომ, რომ არის რაღაცები, რაც საზოგადოებამ იცის, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს. აქედან ჩნდება წინააღმდეგობა - თუ ამ ერთიან გუნდში ადრე სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები შეიკრიბნენ, მათ ერთიანი  პოზიცია უნდა ჰქონდეთ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე. თუ ასეთი ერთიანი პოზიცია არ არსებობს, მაშინ  რატომ შეიკრიბა ისეთი გუნდი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია  ექნებოდა და ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, საკითხების გადაწყვეტაში ერთიან აზრს არ დააფიქსირებდა?!  შესაძლოა, თავიდან ასეც იყო საჭირო, მაგრამ თუ ეს გუნდი ახლა ვერ ახორციელებს ხალხის დაკვეთაზე შეთანხმებას, მაშინ დაყონ და თქვან, რომ ეს შეუძლებელია! თუ გუნდი ვერ ქმნის სასურველ პოლიტიკურ კლიმატს, მაშინ ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ხალხმაც, რომელიც მეტ-ნაკლებად იცნობს კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების პოზიციასა და პლატფორმას, თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა ან ძალები, რომელიც სრულად ეხმიანება  საზოგადოების დაკვეთას სამართლიანობის აღდგენისა და რეჟიმის გასამართლების თაობაზე.

- სამალავებში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიციები ფიქსირდება. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა იმ მასალის განადგურება, რომელიც მომავალში შესაძლოა რეჟიმის გასამართლებისთვის ნივთმტკიცებად იქნეს გამოყენებული?

- ამ კადრების განადგურება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი დანაშაულისთვის უნდა დაწესდეს კიდევ უფრო მკაცრი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა. საია-ს თავმჯდომარე კოჟორიძემ ტელედებატებში მიპასუხა, პროცესის გასაჩერებლად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წელი ერგებოდა დანაშაულის ჩამდენსო! მე ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის წლების რაოდენობა არ მიგულისხმია. ამგვარი დანაშაული  უნდა განეკუთვნებოდეს მძიმე  კატეგორიის დანაშაულს და მისმა ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ ის უმკაცრესად დაისჯება. ამითვისაა საჭირო სამართლებრივი მიდგომის შეცვლა. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ის მიდგომა, რომ თვალთვალი, ღირსების შელახვა და ა.შ. - განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამის გარდა, როდესაც ვლაპარაკობთ ვინმეს დასჯაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების დასჯაზე (თუმცა, რასაკვირველია, მათიც), არამედ  იმაზე, რომ ჩანაწერების ასეთი რაოდენობის  არსებობა უკვე დანაშაულებათა  სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. შესაბამისად, სისტემის დასჯას, გასამართლებას ვგულისხმობთ. ეს დანაშაულებები კი, როგორ მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების რეჟიმის დაკვეთით ხორციელდებოდა. თუ ჩვენ გავანადგურებთ ამ ჩანაწერების რაღაც რაოდენობას (თუნდაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს) შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ სისტემურ დანაშაულზე საუბარიც ვეღარ შევძლოთ! ამიტომ კადრები, რაც ხელისუფლების ხელშია, მკაცრად უნდა ინახებოდეს, მაგრამ  ამ ჩანაწერების ასლების არსებობას და სხვადასხვა ადგილებში გადანახვასაც ნუ გამოვრიცხავთ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენ ადამიანს მიუწვდება ამ კადრებზე ხელი. თუმცა დღეს, როდესაც აღმოჩენილია დანაშაულები,  დაუშვებელია, რომ დანაშაულის  ნივთმტკიცება განადურებული იქნეს, თუნდაც პირადი ცხოვრების ამსახველი. მის უკან ხომ უკანონო თვალთვალის და მიყურადების დანაშაული იმალება?!  როგორ შეიძლება ამის განადგურება?! როცა საუბარია დანაშაულებზე, მიდგომა სახელმწიფოებრივი უნდა იყოს. ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც სისტემური დანაშაულის მტკიცებულება და მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც ამოიწურება ყველნაირი ხანდაზმულობისა და ნივთმტკიცებად ამ ჩანაწერების გამოყენების ვადები, მაშინ მოხდეს მათი განადგურება. დღეს, ცხელ კვალზე, ასეთი ნივთმტკიცებების განადგურება  დანაშაულის დაფარვად და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობად მიმაჩნია. თუნდაც, როდესაც დანაშაულის ჩამდენი წარდგება საასამართლოს წინაშე და მოითხოვს თავისი დანაშაულის დამადასტურებელი კადრების ჩვენებას, რას წარუდგენენ, თუ ეს დანაშაულის ფაქტები განადგურებულ იქნა?! ლაპარაკია იმაზე, რომ 12 800 ფაილი იქნა ამოღებული, ლაპარაკია პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რომელმაც ამ ჩანაწერების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს და დაუსჯელი დარჩეს!

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერის გადადგომის შემთხვევაში კვლავ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ხომ არ აღმოვჩნდებით და უკვე მოსახლეობა  ხომ არ დაუპირისპირდება როგორც “ნაცმოძრაობას“, ისე პარლამენტში ივანიშვილის ხათრით მოხვედრილ იმ მიუღებელ  პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც წლების განმავლობაში არ აძლევდა ხმას? ფიქრობთ, რომ პრემიერი ამაზე ახლა წავა?

- ამ ეტაპზე არათუ ასეთი  ნაბიჯის გადადგმა, ასეთი განცხადებების კეთებაც ძალიან სახიფათოა, იმიტომ, რომ იმ უამრავი დანაპირების რეალიზაცია, რისი დეკლარირებაც არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნით არის შესაძლებელი. მართალია, დიდი საქმე გაკეთდა პირველ ოქტომბერს არჩევნებში კოალიციის გამარჯვებით, მაგრამ საქმე დასრულებული და ბოლომდე მიყვანილი არ გახლავთ. მას დამთავრება სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები იმისათვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო პირველ ოქტომბერს, მაგრამ არ დასრულებულა. ამიტომ ბატონმა ბიძინამ ნაციონალური  რეჟიმის გასამართლების პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც დაიწყო. ის აღმოჩენილი სამალავები (და კიდევ არავინ იცის, რამდენი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა ადგილას, რომლებიც  მხოლოდ “ნაცმოძრაობამ“ შეიძლება იცოდეს) იმის ლეგიტიმურ საფუძველს  იძლევა, რომ  ეს გადანახული იარაღი მხოლოდ პირად ინტერესებს და ხელისუფლების უკანონოდ შენარჩუნების სურვილს ემსახურებოდა. ნაციონალურ ხელისუფლებას  ამ იარაღის შენახვის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი  არ გააჩნდა. ამან, შესაძლოა, ქვეყანაში სწორედ შეუქცევადი პროცესები და სამოქალაქო  დაპირისპირება გამოწვიოს.   ამიტომ ვამბობ, რომ სანამ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები და საქმიანობა, ისევე, როგორც ამგვარი იარაღის ყველა ადგილსამყოფელი, ბოლომდე გამოძიებული არ იქნება, ასევე ეკონომიკური და სხვა საკითხები არ მოგვარდება - მანამდე ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანას შეუძლია ნორმალური განვითარების რეჟიმში გააგრძელოს არსებობა. რადგან ჯერ კიდევ არსებობს ამგვარი პრობლემები (და ეს რომ ნამდვილად  არსებობს, საკუთარი თვალით დავრწმუნდით), ამ ყველაფრის აღმოფხვრის გარეშე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკიდან წასვლაზე  ლაპარაკი ძალიან ნაადრევია.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი