უცხოეთი
საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ეგვიპტის არმიის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
უწინ მოძრაობა „ძმები-მუსლიმანების“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მურსი თავდაცვის სამინისტროს შენობაში მიიყვანეს და შესაძლოა, ბრალიც წაუყენონ.ოთხშაბათს ეგვიპტის არმიამ ისლამისტი პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშორა, დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელ ადლი მანსურს დაავალა.
ჩამოგდებული პრეზიდენტი სამხედროების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არ დაეშვათ „კანონიერების დარღვევა“.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მოძრაობა „ძმები-მუსლიმანების“ წარმომადგენლების დაკავების ოპერაცია დაიწყო. იტყობინებიან, რომ მზადდება მოძრაობის 300 წარმომადგენლის დაკავება, ხოლო მათი უმაღლესი ლიდერი მუჰამედ ბადია და მისი მოადგილე რაშად ალ-ბაიიუმი უკვე დააკავეს.