საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი.
“რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, ვახო სანაიას სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა მიიღო თემურ კენკებაშვილმა, რომლის განცხადებით, იგი ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში მუშაობდა სოდ-ის დაზვერვის ოპერმუშაკად. პირდაპირ ეთერში საჯარო განცხადებით მან ამხილა შსს-ს ამჟამად მიმალვაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები ვაჟა ლილუაშვილი და სხვები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებდნენ ფარული უკანონო ვიდეოჩანაწერების გადაღებაზე. მისივე განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ უკანონო ვიდეოჩანაწერების ასლები მიმალვაში მყოფ მაღალჩინოსნებს ჰქონდეთ წაღებული, რაც დანაშაულად და სამწუხარო ფაქტად მიგვაჩნია.
აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, რათა ახალი ხელისუფლების არაკეთილმოსურნეების მიერ მზაკვრულად არ იქნეს გამოყენებული აღნიშნული ვიდეოკადრები, რომელთა არაორდინარულად უკანონო გამოყენებამ, სავარაუდოდ, გასაჯაროებამ, შესაძლოა შოკში ჩააგდოს საზოგადოება, რაც შესაძლოა, გათვლილი იქნეს ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციაზე. რასაც ასე აქტიურად ეწევიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამასთანავე, ჩვენი ორგანიზაცია სურვილს გამოთქვამს, ჩართული ვიყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ, უკანონო ვიდეოჩანაწერების შემსწავლელ კომისიაში.
პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
ა/ო ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“