საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯაშუშების სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, ვიდრე დამატებითი დეტალები არ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 20 მოქალაქე დააკავეს.
ამასთან, საქინფორმისთვის ოთხი მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია - არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი, რუსლან გალოგრე, ხოლო მეოთხე დაკავებულის მხოლოდ სახელი და გვარია ცნობილი – პეტრე დევრიშაძე. საქინფომი მეოთხე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას იძიებს და უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს.
როგორც არმენ გევორქიანის და რუბენ შიკოიანის ადვოკატმა ნანა წულაძემ საქინფორმს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
დაკავებულ რუსლან გალოგრეს ადვოკატ შალვა ლებანიძის თქმით, გალოგრე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გაკვირვებილია მის მიმართ წაყენებული ბრალდებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შს სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს 5 ნოემბერს გააკეთებს.