სამართალი
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყველა მიმართულებით უმცირესობას კანონის გზით დაიცავს. ამასთან, მან მიმართა სამთაწყაროს მოსახლეობას, რომ კანონი დაიცვან. „საქართველოში უნდა ბატონობდეს მხოლოდ სამართალი. ჩვენი კონსტიტუციით ყველა რელიგიურ უმცირესობას აქვს უფლება, აღასრულოს ლოცვა, როგორც მათ სურთ. პირველ რიგში მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, რომ კეთილი ინებონ და დაიცვან კანონიერება. ჩვენ ვცდილობთ, მოლაპარაკების გზით დავარწმუნოთ ორივე მხარე, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას, აღასრულონ თავიანთი რელიგიური მრწამსი. თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, კანონს გამოვიყენებთ მთელი სიმკაცრით. მივმართავ მათ განსაკუთრებით, კეთილი ინებონ, დაემორჩილონ კანონს და მისცენ საშუალება ლოცვის. მე ვფიქრობ, ის რაც დღეს ხდება საქართველოში, კონკრეტულად სამთაწყაროში, ეს არის 9-წლიანი მმართველობის გადმონაშთი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.