საზოგადოება
საქართველოს პრემიერმა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის იგი მოსკოვისგან სოჭის ოლიმპიადამდე, განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში შემდგომი ნაბიჯი იყოს ავიარეისები თბილისსა და მოსკოვს შორის, ასევე, ლაპარაკია ვიზების გამარტივებასა და გაუქმებაზე.
ამასთან, ივანიშვილმა ილაპარაკა იმ მინიშნებებზე, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუში ამოიკითხა.
„რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს დიდი ნაწილი დათმობილი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობას, ყველაზე დიდი მინიშნება ჩემთვის იყო ის, რომ არსებობს ტერიტორია, არსებობს ხალხი ამ ტერიტორიაზე მცხოვრები. ის ერთ ტერიტორიად მოიხსენიებდა თავის გამოსვლაში საქართველოს და მინიშნება იყო ჩვენს ძმებზე - აფხაზებსა და ოსებზე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენი გადასაწყვეტია ეს პრობლემები. აბსოლუტურად კარგად გავიგე ეს მინიშნებები და ვეთანხმები“, - განაცხადა პრემიერმა.