საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „საქართველოში იწყება სამართლიანობის აღდგენის პროცესი“

1-bizina-prekonferentsiaსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუკი  მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავებას თან ახლდა პროცედურული დარღვევები, ვინც დაარღვია, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

მისივე თქმით, დაკავებები ნატოს ელჩების ვიზიტის პარალელურად მთავრობისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო.

"ის ფაქტი, რომ ეს დაკავებები მოხდა არასწორ დროს, ანუ მაშინ, როდესაც თბილისში ნატოს საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა და ეს არ იყო პოლიტიკურად მომგებიანი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პროცესები მხოლოდ ერთი ცენტრისგან არ იმართება, და ეს არის ნორმალური", - განაცხადა პრემიერმა, რომლის განმარტებით, "საქართველოში იწყება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ის, რომ ამას ოპოზიცია უძალიანდება და ყველაფერზე მხოლოდ ყვირილით პასუხობს, მტკიცებულებებად ვერ გამოდგება".