აქტუალური
არაბები ფოთის პორტს ყიდიან

fotis-portiსაქართველოში უმსხვილესი არაბული ინვესტორი „რაკია“ ფოთის პორტის გაყიდვას გეგმავს. საქინფორმი ამ ინფორმაციას არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გამოცემა „ზავიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2011 წელს მთავარი მიზანი ფოთის პორტის გაყიდვაა, რასაც „რაკია“ მომავალ წელს საფონდო ბირჟაზე პორტის აქციების გამოტანით გააკეთებს.

ჰატერ მასაადის განცხადებით, ფოთის პორტი კომპანიისთვის სტრატეგიული აქტივი არაა. ის არ გამორიცხავს, რომ გაყიდვის პროცესი შეიძლება სხვა საერთაშორისო აქტივებზეც განხორციელდეს. „რაკია“ საქართველოში 3 პროექტში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა. მასაადი ამტკიცებს, რომ პორტის გაყიდვა დრამატულ ცვლილებებს „რაკიას“ პორტფელში არ მოახდენს, რადგან პორტში ჩადებული ინვესტიცია მცირეა. არაბული გამოცემის ცნობითვე, საინვესტიციო ჯგუფი საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული აღარ იქნება და, კომპანიის მფლობელი შეიხის გადაწყვეტილებით, ინვესტირება მხოლოდ გაერთიანებულ საემიროებში მოხდება.

არაბული „რაკიას“ ქართულ წარმომადგენლობაში, „რაკ ჯორჯია ჰოლდინგში“, ფოთის პორტის აქციების გასხვისების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. თუმცა ამტკიცებენ, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების მხოლოდ ნაწილი გამოვა. ამასთან, „რაკ ჯორჯია ჰოლდინგში“ ვერ აკონკრეტებენ, რომელ საფონდო ბირჟაზე ან როდის გამოვა ფოთის პორტის აქციები.