პუბლიკაციები
ნატოს გენმდივანმა რასმუსენმა გაგვაფრთხილა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვა - საქართველოსთვის ნატოს საშვი კი არ არის, არამედ “თავად საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურება“

gensek-pol-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 27 ივნისს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა:

“ის, რომ თქვენი სამხედროები ავღანეთში იმყოფებიან, არ შეიძლება განიხილოთ, როგორც საქართველოსთვის ნატოს საშვის მოპოვების საშუალება“, - და განმარტა, რომ ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობა ემსახურება თავად საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მისი შეიარაღებული ძალების განვითარებას ნატოს მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიოს უძლიერეს არმიებთან თანამშრომლობის ჩვევების ჩამოყალიბებას და ქართული არმიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

რასმუსენმა მაღალი შეფასება მისცა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ ახალ დოკუმენტს სამხედრო სტრატეგიის შესახებ, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. “მასში ასახულია ის რეფორმები, რომლებიც წინა მთავრობის დროს განხორციელდა, აგრეთვე ის რეფორმები, რომელთა განხორციელება აუცილებელია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში. ისინი თქვენს შეიარაღებულ ძალებს უფრ ეფექტიანს გახდის!“.

ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით განვიხილოთ, რადგან ნატო გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სამხედრო ალიანსი: “ნატო - ეს არის დემოკრატიული ფასეულობების ერთობლიობა, რომელთა სრული დაკმაყოფილებისთვის საქართველომ მუშაობა უნდა განაგრძოს“, - განაცხადა რასმუსენმა.

გენმდივანმა მოიწონა საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები და რეზოლუცია საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, თუმცა იქვე შეშფოთება გამოთქვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო: “თანამდებობის პირებმა ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხი უნდა აგონ, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად არ უნდა გადაიქცეს!“, - განმარტა რასმუსენმა.