აქტუალური
ირაკლი ალასანია ISAF-ის სარდალს შეხვდა, ლევან დოლიძე - თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს

sardali-mt-akt-3საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სარდალს გენერალ ჯოზეფ დანფორდს და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს ეველინ ფარკასს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო მისიის სარდალთან ავღანეთში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში  საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰასან ქემალ იარდიმჩის შეხვდა.

მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქული მხარის მიერ სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს დახმარების საკითხს (თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის ლოგისტიკურ, სამხედრო-ტექნიკურ და სხვა სფეროებს).

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს.

sardali-qvem-akt-3