საზოგადოება
„გამოიკვეთა ბრალეულობა ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისა. დაკავებულებს შორის ფიგურირებს ორი ვიცე–მერი. მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას, გაფლანგვას. საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე, მოპარვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნაა, რომ ეს გამოწვეულია შიშით და მცდელობით, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უშიშროების კონფერენციაზე.
ამასთან, მისივე მტკიცებით, დაკავების პროცესი გამჭვირვალე და კანონიერი იყო.
"რაც შეეხება თვითონ დაკავების ფაქტს, გუშინდელ ინციდენტს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს პროცესი არ იყო პოლიტიკურად მართული. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სამართალდამცველი სისტემა აბსოლუტურად გათავისუფლებულია ყოველგვარი პოლიტიკისგან", - დასძინა ღარიბაშვილმა.