„პირველი სამი ახალგაზრდა დიღომში რომ დახვრიტეს, ალბათ, გახსოვთ ეს ამბავი. ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მათ მითხრეს, რომ სამივე ახალგაზრდა დაჩოქილი ეხვეწებოდა პოლიციას, არ გვესროლოთ, დაგვაპატიმრეთო, მაგრამ მათ მაინც დახვრიტეს. მე, რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, მერაბიშვილთან მაშინვე მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი, რომ ეს ამბავი არ დაიმალებოდა. მერაბიშვილმა მიპასუხა: სანამ ასეთ 200 კაცს არ ჩავაწვენ მიწაში და თქვენც არ მიგაყოლებთ, არ მოვისვენებო. ეს იყო 2005 წელი, მას შემდეგ მოხდა გირგვლიანის ამბავი და კიდევ ბევრი დანაშაული. ნინო ბურჯანაძე სულ მაფრთხილებდა და მეუბნებოდა, ფრთხილად იყავით, თქვენ შვილი გყავთ, შვილიშვილები გყავთო...“ - აღნიშნავს თევდორაძე და დასძენს, რომ ციხის ბუნტის დროს (ეს ბუნტი 2006 წ. 27 მარტს ქ. თბილისის მე-5 საპყრობილეში მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა - საქინფორმი) ის ახალაიას სთხოვდა, არ ესროლათ პატიმრებისთვის, მაგრამ მისი სიტყვები ყურად არ იღეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ გასცა სროლის ბრძანება, თევდორაძემ მიუგო: „არ ვიცი, ბოკერია მოვიდა და სროლა მერე დაიწყო...“