სამართალი
დააკავეს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები

sagamoZieboსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რამდენიმე საათის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიისა  და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი დააკავა, მათ შორის - გიგი უგულავას მოადგილეები დავით ნინიძე და დავით ალავიძე, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, ასევე მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექს თაბუაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი და მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით იკითხებიან ქალაქ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები.

საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვეს ნოდარ სანდუხაძემ, ალექსი თაბუაშვილმა, გოგიტა ნიკოლაძემ, დავით ავალიანმა და კიდევ რამდენიმე პირმა. როგორც დავით ავალიანმა საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შეკითხვები სამუშაოს შესახებ დაუსვეს, თუმცა ბრალდებაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
ავალიანის განმარტებით, იგი დილით საკუთარ სახლთან დააკავეს და საგამოძიებო სამსახურში ხელბორკილით გადაიყვანეს.
„გამაფრთხილეს, რომ მოწმის სტატუსით უნდა დავიკითხო და გამოვცხადდე ხოლმე. კონკრეტული საქმე, რომელზეც უნდა დამკითხონ, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ნოდარ სანდუხაძემ.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის გოგიტა ნიკოლაძის განცხადებით, საქმე, რომელზეც იგი მოწმის სტატუსით უნდა დაკითხოს, სახელმწიფო ქონებასთანაა დაკავშირებული, თუმცა საქმის კონკრეტული დეტალები მისთვისაც უცნობია.
ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რამდენმა პირმა დატოვა საგამოძიებო სამსახური.